“გლობალ ალიანსმა” ქართულ სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა

"გლობალური ალიანსის" პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან–ელი მალკინმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" წევრებს გააცნო "ალიანსის" გეგმები და ხედვები საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული გრძელვადიანი შეთანხმებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ევროკავშირის სტანარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კონტექსტში. 

ბატონმა მალკინმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების ჯანდაცვის სრულყოფის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას საერთო მიზნისათვის თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული სამედიცინო ასოციაცია და ექსპერტია გაერთიანებული.

სამედიცინო პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტული კითხვებით მიემართათ "გლობალური ალიანსის" პრეზიდენტის ჟან-ელი მალკინისა და ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს აღმასრულებელი მდივნის ლაშა ზაალიშვილისადმი.

სამედიცინო ასოციაციების წევრები მოწონებით შეხვდნენ შეთავაზებულ თანამშრომლობას და სურვილი გამოთქვეს აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს სამუშაო ჯგუფებში. საბჭოსთან შექმნილია 14 სამუშაო ჯგუფი, სადაც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექსპერტები პროფილურად მიიღებენ მონაწილეობას.

"გლობალურ ალიანსსა" და საქართველოს მთავრობას შორის მოქმედი შეთანხმება ითვალისწინებს ჯანდაცვის სისტემის მართვის ინოვაციური პროგრამების შემუშავებას, საქართველოს ჯანდაცვის სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე, გარანტირებულ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად