გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, იგება ფილები და ჩატარდება უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციაც. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

„მერვე მიკრორაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო – ცვიოდა ფილისფრაგმენტები და ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 24 აივანი გამაგრდება და მოსახლეობა ბევრად უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბილდინგ კომპანი“ ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 850 ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...