გიულენთან შესაძლო კავშირების გამო, თურქეთის პროკურატურამ 249 პირის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ, ფეთჰულაჰ გიულენთან შესაძლო კავშირების გამო, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების შესახებ ბრძანება გასცა.

ფეთჰულაჰ გიულენი ქვეყანაში 2016 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სულის ჩამდგმელად მიიჩნევენ.

გამოძიების მიხედვით, 2010-2013 წლებში, ეს 249 პირი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ, მაქინაციების გზით მოხვდნენ.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიციამ უკვე დააკავა 78 ადამიანი თურქეთის 43 პროვინციაში. დარჩენილი 171 პირის ძიება მიმდინარეობს.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წელს მოხდა, როდესაც ქვეყნის სამხედროებმა ქალაქ ანკარაში, სტამბოლსა და სხვა ქალაქებში სტრატეგიული პუნქტების დაკავება სცადეს. შეტაკებების შედეგად, სტამბოლსა და ანკარაში 248 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 ათასზე მეტი დაშავდა.

მომხდარის ორგანიზებაში გიულენს დასდეს ბრალი, რომელის 1990-იან წლებში პენსილვანიაში წავიდა ემიგრაციაში. თურქეთი ვაშინგტონისგან მის ექსტრადიციას მოითხოვს. თურქეთში, გიულენის მიმდევრები ტერორისტებად მიიჩნევიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...