სააკაშვილი თავისი განცხადებებით მის პარტიაში ისედაც მძიმე ვითარებას, არეულობას და ქაოსს უმატებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სააკაშვილის ერთი განცხადება მეორეს გამორიცხავს. ვითომ დემენცია ჰქონდა, გარდაცვალების პირას იყო და გვამური ლაქები ემჩნეოდა. მისი გარემოცვიდან, ოჯახიდან და ადვოკატებიდან სწორედ ამაზე იყო საუბარი, რაც გარკვეული სტრატეგიული ამოცანისთვის სჭირდებოდათ. დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, ყველა გვერდზე გაწიოს - არავინ თქვას, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი.

სააკაშვილს არც არაფერი სჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია და ენერგიულად, მხნედ არის. მისთვის ძველი სახეები ხან მისაღები, ხან მიუღებელია და თან ფიქრობს, ვიღაცას ისე არ აწყენინოს, თავად არ აღმოჩნდეს ოფსაიდში. თავისი განცხადებებით არეულობას, ქაოსს უმატებს თავის პარტიაში ისედაც მძიმე ვითარებას. მიხეილ სააკაშვილი რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ხედავს, რომ თავისი პარტიის ძველ სახეებს, მრავალი მიზეზის გამო, ავტორიტეტი არ აქვთ არც ხაბეიშვილს, არც მელიას და არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი მითითებით, ხალხს კბილებს აცლიდა და შემდეგ ამ ხალხს არაფერი დაუბრუნეს. ყოველ შემთხვევაში, ისინი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.