გიორგი ვაშაძე: ვინ თქვა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეების კლანი და სისტემა 2012 წლამდე არ მაწუხებდა?! 

ვინ თქვა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეების კლანმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ შემაწუხა? მაგრამ ჩემი პოზიცია არ იყო ისეთი, რომ მე რომ გამოვმხტარიყავი და რამე მეთქვა, ამით რამე შეიცვლებოდა. თუმცა, გეტყვით, რომ ჩემმა ჭიდაობამ გამოიწვია პრობაციონერების დაახლოებით 10 000-ით შემცირება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ სასამართლო რეფორმის მიმართულებით რა გეგმა გაქვთ?

_ ოპოზიციურმა პარტიებმა მოვაწერეთ ხელი სასამართლო და პოლიციის რეფორმის განხორციელებას. სასამართლო რეფორმა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. პირველ ინსტანციაში უნდა იყოს არჩეული მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ადამიანს ექნება არჩევანი – არჩეული მოსამართლე  ნაფიცი მსაჯულები, დანიშნული მოსამართლე – ნაფიცი მსაჯულები, დანიშნული მოსამართლე – ნაფიცების გარეშე, არჩეული ნაფიცების გარეშე. დიდ არჩევანს ვაძლევთ, რომ დიდი კონკურენცია შევქმნათ პირველ ინსტანციაში. შემდგომ ინსტანციებში გვინდა, რომ უცხოელი მოსამართლეები მოვიწვიოთ, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ და კორუფციულ საქმეებზე, რადგანაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას სასამართლოს მიმართ. დღეს ნულოვანია ნდობა. მე ამის გამოცდილება მაქვს სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად უკრაინაში მოსამართლეების შერჩევაში ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ასევე უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს რეორგანიზება და იქ მინდა, რომ უცხოელების პანელი მოვიწვიოთ, რომელიც შეარჩევს მათ, რათა პოლიტიკური კომპონენტი მთლიანად ჩაიხსნას. უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გაერთიანება, უნდა შემოვიღოთ ამერიკული მოდელი და რაღა თქმა უნდა ამ რეორგანიზაციის შედეგად კლანი უნდა გავუშვათ. არ უნდა დარჩეს მურუსიძეების და ჩინჩალაძეების კლანი.

_ მესმის, რომ როდესაც ხელისუფლებაში მათ შორის თქვენც იყავით, თქვენი პოზიცია სხვა იყო, მაგრამ რატომ არ შეგაწუხათ მაშინ მურუსიძეების და ჩინჩალაძეების კლანმა?

_ ვინ თქვა, რომ არ შემაწუხა? მაგრამ ჩემი პოზიცია არ იყო ისეთი, რომ მე რომ გამოვმხტარიყავი და რამე მეთქვა, ამით რამე შეიცვლებოდა. თუმცა, გეტყვით, რომ ჩემმა ჭიდაობამ გამოიწვია პრობაციონერების დაახლოებით 10 000-ით შემცირება. ვამბობდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა აღარც იუსტიციის სახლის რეფორმას და აღარც არაფერს, თუ ამას არ გავაკეთებდით. უბრალოდ ბევრი მეუბნებოდა, რომ ეს შენი მიმართულება არ არისო. არასდროს არ მიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება და იუსტიციის სახლების რეფორმის ბოლომდე მიყვანა მინდოდა. ახლა იუსტიციის სახლი ნახევრად გაკეთებული რომ იყოს, ყველა იტყოდა ცხოვრებაში არც არაფერი გაგიკეთებიაო.

გულწრფელად გეტყვით, მჯეროდა, რომ სისტემის რეფორმირება შესაძლებელი იყო და ამიტომაც გადავდგი ნაბიჯი, როდესაც 2012 წელს პოლიტიკაში წავედი. როდესაც შეთავაზება მივიღე დავთანხმდი, რადგან ვფიქრობდი, რომ გაცილებით ძლიერი იქნებოდა ჩემი პოზიცია და შევძლებდი იმ რეფორმირებას, სადაც რეფორმის აუცილებლობას ვხედავდი. ჯერ კიდევ მაშინ იცოდა ყველამ, რომ დამოუკიდებელი ვიყავი და ჩემზე ზემოქმედებას ვერავინ ვერ მოახდენდა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად