გიორგი ვაშაძე: ვაუქმებთ ლარიზაციას და სესხებზე პროცენტები განახევრდება… დიდი გამოძიებაც უნდა ჩავატაროთ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი აცხადებს, რომ სესხებზე პროცენტების განახევრება, ხოლო პენსიონერების სესხებზე პროცენტების ჩამოწერა პოპულიზმი არაა. ის საკითხის სიმარტივეზე საუბრობს და აცხადებს, უნდა მიიღონ ანტიმონოპოლიური კანონი, შექმნან კონკურენტული გარემო, გააუქმონ ლარიზაცია და ყოველგვარი შეზღუდვები და ეს დაპირება მიღწეული იქნება.

ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ბევრი ქეისი შეისწავლეს და სამართალდარღვევებზეც საუბრობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ დიდი გამოძიებაც არის ჩასატარებელი. ეს განცხადება ვაშაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს ხვალ შევთავაზებთ.

_ 2021 წლიდან აპირებთ სესხების განახევრებას და პენსიონერებს, რომლებსაც სესხები 36-40%-ად აქვთ ჩამოწერას გეგმავთ. საბანკო საქმეებში ჩარევას გეგმავთ?

_ არა, არსად ჩარევას არ ვაპირებთ. მეტი კონკურენცია იქნება. სახელმწიფო რომ ჩაერია „ქართული ოცნების“ სახით და მონოპოლია მისცა „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერებთან მიმართებით, იმიტომ არის სესხები ასეთი მაღალი პროცენტით. პენსიონერი თავისი პენსიით სესხს ვერ აიღებს ვერსად სხვაგან, გარდა „ლიბერთი ბანკისა“. შესაბამისად, ისინი სესხს აძლევენ 36%-ად. ახლა შემხვდა ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ თავისი ძროხა დააგირავოს, უკვე 22-23%-ად აძლევენ სესხს. ანუ, პირდაპირ ძარცვავენ პენსიონერებს და შშმ პირებს, რომლებიც იღებენ პენსიას. ექსკლუზივის და მონოპოლიის მიცემის გამო ართმევენ ამხელა პროცენტს. შესაბამისად, აუდიტების მეშვეობით ამ ყველაფრის დავუთვლით, რაზეც დღეს მონოპოლია აქვთ და ჩამოეწერებათ ადამიანებს პროცენტები.

_ ეს ბიზნესში ჩარევა არ არის?

_ არა, ეს არის ის ფუნქცია, რაც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ანტიმონოპოლიური ფუნქციის თვალსაზრისით. ეს არის ეროვნული ბანკის ფუნქცია. ვიმეორებ, ჩარევა იყო მაშინ, როდესაც მონოპოლია შეუქმნეს „ლიბერთის“. აბა პენსიონერს შეეძლოს სხვა ბანკში გადატანა პენსიის, მყისიერად გასაშუალდებოდა ეს პროცენტი. იმხელა თაღლითობის სქემებია შექმნილი. ჯერ ოვერდრაფტი აქვთ შეტენილი პენსიონერებისთვის და ამაზე აქვთ გაცემული სესხი. გეკითხებით, რისთვის გვჭირდება ეროვნული ბანკი და სახელმწიფო თუ მან საკუთარი მოქალაქეების ინტერესები არ დაიცვა. ამ გარიგებით მილიონებს შოულობენ ყველაზე ღარიბი ადამიანების ხარჯზე.

მე ვაპირებ, რომ ანტიმონოპოლიური კანონი შევიტანოთ პარლამენტში, მივიღოთ ეს კანონი და ჩამოვწეროთ ეს სესხები. მორჩა და დამთავრდა.

_ თუ თაღლითურ სქემებთან გვაქვს საქმე სამართლებრივ ჭრილშიც ხომ არ აპირებთ საქმის განხილვას და საქმის გამოძიებას?

_ ასობით პენსიონერის ქეისი გვაქვს შესწავლილი. პენსიონერი ეუბნება, რომ 200 ლარი მჭირდება წამლისთვის და ამ დროს „ლიბერთი ბანკი“ ეუბნება, რომ არა, 800 უნდა მოგცე. რეალურად პენსიას ეს ადამიანები 220 ლარს კი არ იღებენ, ყველაზე კარგ შემთხვევაში 120-130 ლარს იღებენ. იმიტომ, რომ წამლის ფასი ძვირია, რომელიც არ ფინანსდება, შესაბამისად პენსიონერ სესხის აღება ამ მიზნით უწევთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ლარიზაციამდე ადამიანს შეეძლო განვადებით შეეძლო უთოს ან მაცივრის გამოტანა, როგორც კი აკრძალეს ეს, პენსიონერს მოუწია ისევ „ლიბერთი ბანკში“ წასვლა. ანუ პენსიონერს მაცივრის შეძენა 36%-ით გაუძვირდა. მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ ძალიან დიდი გამოძიება უნდა ჩავატაროთ. არ მგონია, რომ ეს შემთხვევით მოხდა. ლარიზაციის პროგრამის შემდეგ ბანკების მოგება გაოთხმაგდა და გახუთმაგდა, ხოლო ყველა დანარჩენი გავღარიბდით.

ზოგადად საბანკო სექტორს რაც შეეხება, დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ ევროპაში საშუალოდ კაპიტალთან მიმართებაში ბანკების მოგება არის 5-დან 7%-მდე. საქართველოში კი 26%. არ არსებობს არცერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ამხელა მოგება აქვთ ბანკებს. ეს ხდება იმიტომ, რომ არის კარტერული გარიგება, რომელსაც ხელს უწყობს და ხელს აფარებს ეროვნული ბანკი. შეთანხმებული პროცენტებით მუშაობენ და ამან გამოიწვია ასეთი გაძვირება.

ლარიზაციის პროგრამით აიძულეს ადამიანები, რომ ლარში აიღონ სესხები. თუ ლარში გაქვთ ხელფასი სესხს არ მოგცემენ დოლარში, რომელშიც არის 5-6%, ლარში კი 15%. როდესაც ვამბობ, რომ გავანახევრებ ძალიან მარტივია, ვაუქმებ ლარიზაციას, ყოველგვარ შეზღუდვებს ვაუქმებ და განახევრდება ოროცენტი.

_ ასე მარტივად უყურებთ პროცესს?

_ კი, ძალიან მარტივად ვუყურებ. ხომ იცით, რომ მე არ მიყვარს საქმისადმი ზედაპირული მიდგომა? ჩავუღრმავდი ამ რიცხვებს და დეტალურად გავიარე.

_ პოლიტიკოსებისგან ასეთი დაპირებები ხშირად მოგვისმენია. მათ შორის 2012 წელს, „ქართული ოცნებაც“ ოცნების კოშკებს გვპირდებოდა და ვხედავთ რა დღეშიც არის ქვეყანა. თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ?

_ ჩემსა და ქართულ ოცნებას შორის, რომელსაც მე დამსხვრეული ოცნებების პარტიას ვუწოდებ, ძალიან დიდი განსხვავებაა. დიდი განსხვავებაა პირველ რიგში პროფესიონალიზმში და განსხვავებაა იმაში, რომ რასაც ვამბობ, ყოველთვის სიღრმისეულად ვუდგები. ამიტომ არის, რომ გახარიას ეშინია დებატებში გამოსვლის. იმიტომ, რომ დებატებში აბსოლუტურად ყველაფერს დავუმტკიცებ. ამ ადამიანებს 8 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებიათ და საქართველოში ჯერ კიდევ არის იუსტიციის სახლები, რომელიც ნომერ პირველი რეფორმაა თავისი არსით მსოფლიოში, რომელიც ჩემი და ჩემი გუნდის მიერ არის გაკეთებული. ამიტომ, ეს არის ჩემსა და მათ შორის განსხვავებაა. არაფერი პოპულიზმი აქ არ არის. მეც ასე მეგონა და არ მეჯერა, რომ ამხელა თაღლითობებთან გვქონდა საქმე ბანკებთან მიმართებით, მაგრამ ჩავიხედე საქმეში და დავინახე ეს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად