გიორგი ვაშაძე: ვახტანგ გომელაურმა ვერ დაიცვა ლექსოს სიცოცხლე და ვერც ერთი მოქალაქე, რომელიც დაზიანდა 5-6 ივლისს

„ვახტანგ გომელაურმა ვერ დაიცვა ლექსოს სიცოცხლე და ვერც ერთი მოქალაქე, რომელიც დაზიანდა 5-6 ივლისს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ.

„ვახტანგ გომელაურმა ვერ დაიცვა ლექსოს სიცოცხლე და ვერც ერთი მოქალაქე, რომელიც დაზიანდა 5-6 ივლისს, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს – რატომ ხდება ისე, რომ როცა მათ პოლიტიკურ ინტერესს სჭირდება ზღვარგადასული რაოდენობა პოლიციელების და როცა არ სჭირდებათ მათ პოლიტიკურ ინტერესს, მაშინ პოლიციელთა რაოდენობა გვაკლია? როგორ უნდა ახსნას ეს ფაქტი, პარლამენტის ერთ შესასვლელთან 50 კაცი რომ მოვიდოდით 2 000-ს გვახვედრებდნენ, ჩაფხუტებით, დუბინკებით, წყლის ჭავლებით და როცა ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს თავ-პირს უმტვრევდნენ, მაშინ ხუთი პოლიციელი ვერ მოიძებნა, რომ მათი უფლებები დაეცვათ?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ გურამ ფალავანდიშვილის სახლში და „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საჩვენებელი მოქმედებაა.

„რაც შეეხება ფალავანდიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გომელაურის მხრიდან ეს არის საჩვენებელი მოქმედება, რომ რაიმე მაინც თქვან. დამერწმუნეთ, რაც მოსაძებნია, მათივე მიტანილია იმ ოფისებში – გომელაურისა და „ქართული ოცნების“ და მათი განხორციელებულია ყველაფერი. გამაგებინონ რას ეძებენ, ძალიან კარგად იციან, რა არის იმ ოფისებში, ისინი საიდან ფინანსდებიან. ეს ადამიანები თავისი აგრესიული ძალმომრეობითი რიტორიკით თანამონაწილეები არიან ამ ყველაფრის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მივა, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

კომენტარები
იტვირთება...