გიორგი ვაშაძე: შარლ მიშელს ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრისას მიირეს გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდეს, როგორც მართლმსაჯულების კუთხით, ისე სხვა მიმართულებით.

ვაშაძის განცხადებით, მიშელთან შეხვედრისას ოპოზიციამ ისაუბრა იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართულმა ოცნების“ მმართველობის პერიოდში თვალშისაცემია.

მისივე განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. ვაშაძე ამბობს, რომ მისელისგან მიიღეს პირობა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებტან ექნება საუბარი.

„კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. უფრო მეტიც, კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს, რათა თავს დასხმოდა კონკრეტულ ადამიანებს. ყველა ეს კომპონენტი ჯამურად აჩვენებს იმას, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე. არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა, გადაუხვიოს ევროკავშირისკენ ინტეგრაციის პროცესს. რატომ უნდა რომ გადაუხვიოს? დემოკრატიული განვითარება ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში, „ქართულ ოცნებას“ კი უნდა, რომ ყველა ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება. ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.

შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან. გაცილებით მკაცრი იქნება ცალსახად მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ, მაგრამ ისაუბრებს ასევე კონკრეტულ მექანიზმებზეც. როგორც იცით, ეს არის ფინანსური მხარდაჭერის სანქცირება“,-აცხადებს ვაშაძე.

კომენტარები
იტვირთება...