გიორგი ვაშაძე: სააკაშვილმა პრემიერობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელებით დიდი შეცდომა დაუშვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პრემიერის არჩევისას მისი კანდიდატურის მხარდაჭერა მოუწევს. მისი თქმით, სააკაშვილმა საკუთარი თავის პრემიერობის კანდიდატად დასახელებით დიდი შეცდომა დაუშვა და თავადაც იცის, რომ მისი პრემიერობა არარეალურია.

ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე მონაკვეთს:

_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ პრემიერობის კანდიდატი, არსებობს რაიმე შესაძლებლობა და საერთოდ თუ განიხილავთ იდეის დონეზე იმას, რომ სააკაშვილის პრემიერობას დაუჭიროთ მხარი თუ დაინახავთ ამის საჭიროებას?

_ ჩემი აზრით სააკაშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავისი თავი დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ამას ვამბობ პირდაპირ. მან ამით ფაქტობრივად ნიველირება მოახდინა იმ ფუნქციის, რაც მას შეეძლო ჰქონოდა, ეს იყო ოპოზიციის გამაერთიანებლის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვართ მომავლის გუნდი.

_ ანუ არ დაუჭერთ მხარს?

_ მე მექნება მეტი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, სხვა ოპოზიციური პარტიებთან ერთად გაცილებით მეტი მხარდაჭერა გვექნება და მოუწევთ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მხარდაჭერა, რომ მხარი დაუჭირონ ჩემ კანდიდატურას. მორჩა და გათავდა. სააკაშვილის პრემიერობა არარეალური რომ არის თვითონაც იცის და ყველამ იციან „ნაცმოძრაობაში“. არც ამის თქმა მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ დონემდე მიიყვანეს საქმე, რომ ერთმანეთზე ლაპარაკი გვიწევს. იმის მაგივრად რომ გამოსულიყო და ელაპარაკა, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში და ელაპარაკა ივანიშვილის დამსხვრეული „ოცნებების“ მმართველობაზე.

_ ოპოზიციური კოალიციის შემთხვევაში თქვენ უფრო მისაღები იქნებით პრემიერად, ვიდრე სააკაშვილი? რა უპირატესობა გექნებათ? რა გამოგარჩევთ?

_ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის საქმეზე ვარ ორიენტირებული, ვითვალისწინებ სხვების მოსაზრებებს. არცერთი შეთანხმება რაც ცხოვრებაში დამიდია, არ დამირღვევია. მორჩა და დამთავრდა. თანაც ახალი თაობის პოლიტიკოსები ვართ ჩვენ. ხალხს უნდა სიახლე და მას არ უნდა წარსული. ცუდსა და უარესს შორის ბრძოლა არ უნდა იყოს. „ოცნების“ სტრატეგიაა, რომ ვინ უფრო ცუდია ამის მტკიცება და არა ის, თავად რა გააკეთა. თქვენ არ მოგბეზრდათ ეს? ახალი თაობის პოლიტიკოსებია საჭირო. მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ ერთადერთი პარტია ვართ „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის რეიტინგიც იზრდება. ამას ხალხი ხედავს, რომ ჩვენ საქმეზე ვლაპარაკობთ, ისინი კი კინკლაობაზე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად