გიორგი ვაშაძე: როცა ფინანსურად ვეხმარებოდი გრიგოლ ვაშაძის არჩევნების დროს, ჩხარტიშვილთან კავშირზე არანაირი კითხვა არ გასჩენიათ

როცა ფინანსურად ვეხმარებოდი გრიგოლ ვაშაძის არჩევნების დროს, ჩხარტიშვილთან კავშირზე არანაირი კითხვა არ გასჩენიათ, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ საინტერესოა, ჩხარტიშვილი თქვენს შემომწირველებს შორის არ არის?

_ რა თქმა უნდა, არა. დიდი ხანია ჩხარტიშვილს არჩეული აქვს თავისი პოლიტიკური გემოვნება. ამაზე განხილვა ბევრგან მქონია. ბევრმა კარგად იცის, რომ რაც მე ცოლი მოვიყვანე, 2010 წლიდან მოყოლებული, ის აბსოლუტურად სხვა ხედვებზეა. ამ ადამიანებს კი, ვინც ბრალდებებს მიყენებს, 2018 წელს შტაბის უფროსი რომ ვიყავი და საუკეთესო შედეგი დაიდო, ან 2011-12 წლებში როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი თუ სხვა პოზიციებზე, მაშინ ეს კითხვები არ გასჩენიათ. როდესაც ფინანსურად ვეხმარებოდი ზუგდიდსა და ზესტაფონში არჩევნებს, როდესაც ფინანსურად ვეხმარებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების დროს კამპანიას, ეს კითხვა არავის არ გასჩენიათ. იცით რატომ? ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი კავშირი არ მაქვს ჩხარტიშვილის ბიზნესებთან.

_ სხვათა შორის ეს კითხვა მაქვს დასმული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან და მათი პასუხი იყო, რომ შტაბის უფროსობის დროს ვაშაძე ნომინალური ფიგურა იყო და მეტი არავითარი ფუნქცია არ ჰქონდაო…

_ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებიათ. მითხრან ერთი პროექტი მაინც, რომელიც 2012 წლის შემდეგ განახორციელეს და მერე შეხედეთ ჩემ არაერთ ინიციატივას, რომელიც 2012 წლის მერე მაქვს გაკეთებული. დღეში ერთი საათით კომენტარებს რომ გააკეთებენ ჟურნალისტებთან, ეს ჰგონიათ პოლიტიკოსობა. ამიტომაც აქვთ პლინტუსთან ახლოს პერსონალური რეიტინგები, არავინ პატივს რომ არ სცემს. ასეთი უქნარა პოლიტიკოსები უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. ნახეთ ჩემი წარსული და ნახეთ მათი წარსული. მე რას ვაკეთებდი 8 წლის მანძილზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს და ისინი სად იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად