გიორგი ვაშაძე: კოალიცია იმიტომ დავტოვე, რომ მომბეზრდა კულუარებში ბრძოლა და ჭიდაობა… ვიწრო კლანი იყო

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კოალიცია იმიტომ დატოვა, რომ მობეზრდა კულუარებში ბრძოლა და ჭიდაობა, ეს განცხადება პოლიტიკოსმა “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ვაძაძე იმასაც ამბობს, რომ ერთპარტიული მმართველობა კი არა ვიწრო კლანი იყო, რომელთაც ძველი დიდებიდან შერჩენილი აქვს რაღაც მხარდაჭერა და იბრძვიან საპარლამენტო მანდატებისთვის. ამბობს, რომ სააკაშვილს ყველა უმაქნისი შერჩა.

_ დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რატომ დატოვეთ კოალიცია „ძალა ერთობაშია“? მაგალითად, გია ბარამიძე დღესაც აცხადებს, რომ ვაშაძემ სამჯერ უღალატა პარტნიორებსო. პირველ პერიოდად იხსენებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეთ, თუ სწორად მახსოვს 2015 წელს მოხდა ეს. შემდეგ, 2016 წელს პაატა ბურჭულაძის კოალიციაში იყავით და ასევე დატოვეთ და ახლა ისევ დატოვეთ კოალიცია, ამჯერად „ძალა ერთობაშია“. ბევრჯერ იმეორებს ამას. რა პასუხი გაქვთ?

_ ენას ძვალი არ აქვს და ყველას შეუძლია ბევრი რამე თქვას. რატომ დავტოვე და ის, რაც ხდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უბრალოდ მომბეზრდა. მომბეზრდა რაც იყო მაშინაც და რაც არის ახლაც – დინების საწინააღმდეგოდ სვლა. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოძრაობა და ა. შ.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის დატოვებას, მე იქ ვიყავი ცალკე პოლიტიკური სუბიექტი პარტია „ახალი საქართველოს“ სახით და როგორც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას, ისე იქნებოდა. აქაც მომბეზრდა კულუარებში ბრძოლა, საქმის კეთების ნაცვლად მუდმივად ჭიდაობა, ფეხის დადება და ა. შ.

_ ერთპარტიული მმართველობისკენ სვლა იყო კოალიციაში?

_ ერთპარტიული კი არ იყო, არამედ ეს იყო ვიწრო კლანი, რომელსაც ძველი დიდებიდან შერჩენილი აქვს რაღაც მხარდაჭერა და იბრძვის საპარლამენტო მანდატებისთვის. ასეთია ბარამიძეც და აბსოლუტურად ყველა. რომელს რა გაუკეთებია უახლეს საქართველოს პოლიტიკაში ცალკე აღებულს?! რამე ინიციატივით გამოსულან როდესმე? რამე პროექტი შეუთავაზებია ამ ადამიანებიდან ბევრ მათგანს ქართული საზოგადოებისთვის?! ბარამიძე თავიდანვე მახსოვს, როგორ ეწინააღმდეგებოდა პროექტ „სტრატეგია აღმაშენებელს“ და თურმე მე პრეზენტაციები არ უნდა გამეკეთებინა და ხალხთან არ უნდა მესაუბრა აღმშენებლობის პროექტებზე, რომელსაც ერთად ვაპირებდით.

_ წინააღმდეგობა შეგხვდათ ამაზე?

_ რა თქმა უნდა. არ გახსოვთ, 1 ოქტომბრიდან მოყოლებული არცერთ შეხვედრაზე რომ არ დადიოდნენ დემონსტრაციულად?! რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებოდნენ. ნებისმიერ სიახლეს ეწინააღმდეგებიან და ამოვიდა ყელში. მე ნამდვილად არ მაქვს მათთან ჭიდაობის და კინკლაობის დრო. მე მოვიარე დღეს ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, ვანი. გუშინ კიდევ თერჯოლა, ბაღდათი, ზესტაფონი. დავდივართ უბან-უბან, ხალხს ვხვდებით და ველაპარაკებით. მაგათ მეტი საქმე კი არ აქვთ. ოთახში დაჯდებიან და ერთმანეთის ჭიდაობაში სიამოვნებას იღებენ. ეს არის ზუსტად, რომ აბსოლუტურად გამოცლილი აქვს შინაარსი იმ ადამიანებს, ვინც დარჩნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი პრეზენტაცია მაინც გაუკეთებია ბარამიძეს?! ან ერთი შეთავაზება მაინც გაუკეთებია ხალხისთვის, მარტო ლანძღვა-გინებით რომ გამოირჩევა?! ამოვიდა ყელში. 2 თვეა მაგათ სისულელეებს, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ. ხომ არ შეიძლება ასე ბოლოსდაბოლოს?!

_ სალომე სამადაშვილმა თქვენზე ეპითეტი თქვა, რომ მიშას ჩინურ ვერსიას აწვებაო. ამაზე გაქვთ პასუხი?

_ ეს როდის თქვა.

_ ეს თქვა მაშინ, როდესაც ახალი წამოსული იყავით გაერთიანებიდან.

_ ერთსახოვანია ეს ხალხი, მანდატებისთვის მებრძოლი არაფრისმაქნისები. ასე დავარქმევდი ამათ სუყველას. მითხარით, ამ ხალხის ერთი ინციატივა გახსოვთ?! რამე გაუკეთებიათ?!

_ წარსულში თქვენც გაქვთ აღიარებული და ფაქტია, რომ სააკაშვილს ბევრი რამე აქვს გაკეთებული…

_ ზუსტად მაგას ვამბობ, რომ სააკაშვილს გაკეთებული აქვს და შერჩა ეს უმაქნისები სუყველა. ჯერ კიდევ იმ დონეზეა, რომ ახალ თაობის პოლიტიკოს მელიასა და წარსულს ვანო მერაბიშვილს შორის თურმე არჩევანი უნდა გააკეთოს „ნაცმოძრაობამ“, კარგად ყოფილა მაგათი საქმე. დამთავრდა ყველაფერი, ეს არის ხელის შეშლა და გამარჯვების წინაღობა. ეს არის მიზანს აცდენილი დამოკიდებულება, აბსულუტურად აცდენილია მიზანს. მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის დამსხვრეული ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება, რომელმაც მოატყუა ხალხი და არა ის, რომ შენი ქმედებებით ხელი შეუწყო მისი რეიტინგის ზრდას და ოპოზიციის დასუსტებას. საიდან აქვთ ილუზიები, რომ რამე შეუძლიათ ხალხისთვის გააკეთონ რამე? არ არის მიშა საქართველოში, თორემ სხვათა შორის ის პოლიტიკოსია, რომელიც გრძნობს ხალხის განწყობებს. მასთან კავშირი აქვთ მანდატებზე მებრძოლ, უმაქნისი ადამიანების ამ ვიწრო წრეს. მართლა 8 წელია, არაფრის კეთებით გამოიჩინეს თავი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად