გიორგი ვაშაძე: ეროვნული ბანკი არაფერში არ გვჭირდება, ის კორუფციულ გარიგებებში შევიდა ბანკებთან

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამომავლოდ ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს, ხოლო მის ნაცვლად არავითარი ინსტიტუცია არ არის საჭირო. ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს ეროვნული ბანკი პირდაპირ კორუფციულ გარიგებაშია ბანკებთან.

ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

_ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ სამომავლოდ ეროვნული ბანკის გაუქმებაც უნდა მოხდეს. მაშინ რა ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელიც იქნება მაკონტროლებელი მექანიზმი?

_ არაფერი. ზუსტადაც რომ ეროვნული ბანკი გვყავს მაკონტროლებელ მექანიზმად, ბანკები დალაგებულები არიან მასთან, დაკეტილი აქვთ საბანკო სექტორში და ახალი ბანკი ფაქტობრივად ვერ შემოდის.

_ კორუფციული სქემის ნაწილია ეროვნული ბანკი?

_ რა თქმა უნდა. დღეს ეროვნული ბანკი პირდაპირ კორუფციულ გარიგებებში შევიდა ბანკებთან. ამიტომ, არაფერში არ გვჭირდება. კითხვა მაქვს, რას აკეთებს? ბარიერებს ქმნის, რომ ახალი მძლავრი ბანკი არ შემოვიდეს და კონკურენციაში არ შევიდეს არსებულ ბანკებთან, რითაც დაიწევა სესხის პროცენტი ქვეყანაში.

_ გვახსოვს „ოცნებას“ თავდასხმა ჰქონდა გამოცხადებული მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ და მისი გზით ხომ არ მიდიხართ თქვენც?

_ მე არ მახსოვს, „ოცნებას“ ეთქვას, რომ ეროვნული ბანკის გაუქმებას ვაპირებთო. სხვათა შორის, სანამ ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ასეთი სისულელეები როგორიც ლარიზაცია და ა. შ. არის არ ხდებოდა ქვეყანაში. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდება უნდოდათ იმისთვის, რომ აი ეს დიდი, მაფიოზური ოლიგარქიული სქემა გაეშვათ ლარიზაციის სახით, რითაც ყველა გაგვაღარიბეს. ქადაგიძის დროს ბანკების წლიური მოგება 150-200 მილიონი ლარი იყო, ხოლო ლარიზაციის შემდეგ ეს რიცხვი მილიარდ ლარამდე ავიდა. ეს არის პრობლემა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად