გიორგი ვაშაძე: ბრალდებები, თითქოს ჩხარტიშვილი მაფინანსებს ტალახის სროლაა, ბევრი მათგანი პოლიტიკურ კინტოდ ჩამოყალიბდა

ბრალდებები, თითქოს ჩხარტიშვილი მაფინანსებს ტალახის სროლაა, ბევრი მათგანი პოლიტიკურ კინტოდ ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

_ „სამართლიანი არჩევნების“ კვლევით, ყველაზე მეტი თანხა Facebook-ში განთავსებულ რეკლამაში თქვენ დახარჯეთ. ამან გააჩინა გარკვეული კითხვები და პირდაპირ გკითხავთ, ვინ გაფინანსებთ? მოდით, ბოლო მოუღოთ ყბადაღებულ თემას და გვითხარით გაქვთ თუ არა რაიმე კავშირი ვანო ჩხარტიშვილთან და მისი გავლით შესაბამისად ივანიშვილთანაც?

_ დავიწყებ იმით, რომ ეს არის აბსურდი და ტყუილი. ეს არის მოგონილი იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში და უნდათ, რომ თავი დაიმკვიდრონ ტალახის სროლით. ბევრი მათგანი პოლიტიკურ კინტოდ ჩამოყალიბდა და ამიტომაც მიდის უკან მათი რეიტინგი.

რაც შეეხება კონკრეტულად ფინანსებს, მე ფულს ვხარჯავ იქ, სადაც ფული აღირიცხება გამჭვირვალედ. დიახ, რეკლამაში ვხარჯავ ფულს და არა კოორდინატორებში, რაშიც ფულს ხარჯავენ პარტიების უმრავლესობა. დიახ, ბანერებიც გვაქვს, Facebook-რეკლამაც გვაქვს და სატელევიზიო რეკლამაც. ოღონდ ეს არის ყველა ის დანახარჯი, სადაც ვერ დამალავ დანახარჯს. შესაბამისად, ყველა ჩვენი შემოწირულობა აღირიცხება აუდიტის სამსახურში. შედით აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე და ნახეთ ვინ არიან ჩემი შემომწირველები. შესაბამისად, რადგანაც ეს დანახარჯები გამჭვირვალეა, ვერანაირი კითხვა ვერ იქნება ამ დანახარჯებთან.

ვინც კოორდინატორებს იყვანს უბნებზე ათობით, თხუთმეტობით თუ ხუთობით და შავ ფულს ხარჯავს, იმათ ფულის წარმომავლობა ნამდვილად გასარკვევია. მაგას მოვითხოვ დიდი ხანია, რომ აიკრძალოს შავი ფულით კოორდინატორების დაფინანსება, რადგანაც ასობით, ათასობით თუ მილიონობით შავი ფული არ შემოდიოდეს არჩევნებში. პრეტენზია იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ძველი სისტემებით მუშაობენ, რეკლამას არ აკეთებენ იმიტომ რომ შავი ფული აქვთ და კოორდინატორებს შავ ფულს უხდიან ქეშად.

რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, იმიტომ ვაპირებ სამართლებრივი სახელმწიფოს აწყობას და სასამართლო სისტემაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევას, რომ ვანო ჩხარტიშვილი კი არა, ჩემი ძმა ან ჩემი შვილი რომ იყოს, კანონის წინაშე მათაც პასუხი უნდა აგონ და ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს. ვერავინ ვერ აიღებს ინდულგენციას.

_ საინტერესოა, ჩხარტიშვილი თქვენს შემომწირველებს შორის არ არის?

_ რა თქმა უნდა, არა. დიდი ხანია ჩხარტიშვილს არჩეული აქვს თავისი პოლიტიკური გემოვნება. ამაზე განხილვა ბევრგან მქონია. ბევრმა კარგად იცის, რომ რაც მე ცოლი მოვიყვანე, 2010 წლიდან მოყოლებული, ის აბსოლუტურად სხვა ხედვებზეა. ამ ადამიანებს კი, ვინც ბრალდებებს მიყენებს, 2018 წელს შტაბის უფროსი რომ ვიყავი და საუკეთესო შედეგი დაიდო, ან 2011-12 წლებში როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი თუ სხვა პოზიციებზე, მაშინ ეს კითხვები არ გასჩენიათ. როდესაც ფინანსურად ვეხმარებოდი ზუგდიდსა და ზესტაფონში არჩევნებს, როდესაც ფინანსურად ვეხმარებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების დროს კამპანიას, ეს კითხვა არავის არ გასჩენიათ. იცით რატომ? ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი კავშირი არ მაქვს ჩხარტიშვილის ბიზნესებთან.

_ სხვათა შორის ეს კითხვა მაქვს დასმული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან და მათი პასუხი იყო, რომ შტაბის უფროსობის დროს ვაშაძე ნომინალური ფიგურა იყო და მეტი არავითარი ფუნქცია არ ჰქონდაო…

_ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებიათ. მითხრან ერთი პროექტი მაინც, რომელიც 2012 წლის შემდეგ განახორციელეს და მერე შეხედეთ ჩემ არაერთ ინიციატივას, რომელიც 2012 წლის მერე მაქვს გაკეთებული. დღეში ერთი საათით კომენტარებს რომ გააკეთებენ ჟურნალისტებთან, ეს ჰგონიათ პოლიტიკოსობა. ამიტომაც აქვთ პლინტუსთან ახლოს პერსონალური რეიტინგები, არავინ პატივს რომ არ სცემს. ასეთი უქნარა პოლიტიკოსები უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. ნახეთ ჩემი წარსული და ნახეთ მათი წარსული. მე რას ვაკეთებდი 8 წლის მანძილზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს და ისინი სად იყვნენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად