გიორგი ვაშაძე: არ არის ჩემი სურვილი მერობის არჩევნებზე მივიღო მონაწილეობა

გიორგი ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” მერობის კანდიდატი არ იქნება – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ საკუთარი ხედვების განსახორციელებლად კონკრეტული თანამდებობა ნამდვილად სჭირდება, რისთვისაც ის თავს გაცილებით მაღალ პოზიციაზე მოიაზრებს.

“ვფიქრობ, ერთადერთი გზა არის ახალი მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა ქვეყანაში. რომელიც იქნება პატიოსანი, პროფესიონალი, სამშობლოს მოყვარული ადამიანებით დაკომპლექტებული.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ნამდვილად არ ვართ ჩამოყალიბებული. მე პირადად გითხარით, რომ არ არის ჩემი სურვილი მერობის არჩევნებზე მივიღო მონაწილეობა. არ ვიქნები კანდიდატი, 99% ასე შემიძლია ვთქვა, მაგრამ მზად ვარ ყველა ძლიერ კანდიდატს კამპანიაში მოვეხმარო და მეტი ხალხი მინდა, რომ გამოჩნდეს პოლიტიკაში,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, კოალიციური მთავრობის ლიდერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ის პასუხისმგებლობებს არასდროს გაქცევია.

“მე ვიბრძვი ძლიერი საქართველოსთვის და ამისთვის ნამდვილად მჭირდება კონკრეტული პოზიცია და თანამდებობა, რომ ის ხედვა და გეგმა, რომელიც მაქვს განვახორციელო. თუ ამის დრო დადგება და თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ დამაკისროს პასუხისმგებლობა, მზად ვარ ვაჩვენო რა პერსპექტივა აქვს ამ ქვეყანას,” – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...