გიორგი ვაშაძე: 2016 წლიდან ვიძახი, რომ მეორე ტური ივანიშვილისთვის მეორე სიცოცხლეა

ყველამ წინ უნდა დავაყენოთ ჩვენი საერთო საქმე და უკან უნდა გადავწიოთ ჩვენი პერსონალური საქმე, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ წინ უნდა დააყენონ საერთო საქმე და უკან გადაწიონ პერსონალური საქმე.

“მე, სადაც ვარ, ყოველთვის ვიბრძოლებ გაერთიანებისა და კონსოლიდაციისთვის. იქნება ეს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” თუ იქნება უფრო ფართო გაერთიანება მაჟორიტარული თვალსაზრისით”, – აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, იმის მიუხედავად, რომ მისი პოზიცია დაიწუნეს? – პასუხობს:

“ყველა პარტიას აქვს თავისი პოზიცია, მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის მე რა მინდა, ან რომელიმე პარტიას რა უნდა, არამედ საზოგადოებას რა უნდა. ხალხს უნდა ის, რომ დაამარცხოს უკიდეგანო გაჭირვება. ხალხის თხოვნა იყო, რომ საერთო პოზიციები შეინარჩუნეთო. იმიტომ, რომ აქ ხედავენ გადარჩენას. ილუზიაში არ უნდა ჩავარდეთ, რომ “ქართული ოცნება” ისე დასუსტდა, რომ ისინი ყველაფერს დაგვითმობენ. ეს უნდა მოვიშოროთ და უნდა ვიაროთ კონსოლიდაციის გზით.

მაჟორიტარულ ნაწილს რაც შეეხება, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პირველ ეტაპზე თბილისში მოხდეს ეს შეთანხმება და სხვა ქალაქებშიც მოხდეს. მე 2016 წლიდან ვიძახი, რომ მეორე ტური მეორე სიცოცხლეა ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის”, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ იქით, რომ პირველივე ტურში დავასრულოთ “ქართული ოცნების” მავნებლური ყოფნა.

მე დღეს იმიტომ გამოვედი, რომ დავამშვიდო საზოგადოება. რა თქმა უნდა ვნებათა ღელვა იქნება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ყველამ წინ უნდა დავაყენოთ ჩვენი საერთო საქმე და უკან უნდა გადავწიოთ ჩვენი პერსონალური საქმე. “ლელოს” პოზიციას შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია და მათი არჩევანია. არ ვაპირებ ამის გამო ვეჩხუბო მას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად