გიორგი ტუღუში: ევა გოცირიძე სასამართლოს კრიტიკის აკრძალვის ერთ-ერთი მოთავე იყო

„თუკი მოსამართლეს ვინმე ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში, ამაზე შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს. რომელიც იცავს როგორც მოსამართლეებს, ისე მათ თავისუფლებას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ტუღუშმა „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, ის რომ საბჭომ განცხადებით ეთიკის ქარტიას მიმართა, ამაში განსაკუთრებული პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ამის უკან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

ტუღუში იმასაც იხსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებაც მოხდა. მისივე თქმით, სასამართლოს კრიტიკის აკრძალვის ერთ-ერთი მოთავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე იყო.

„სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა რამდენჯერმე იყო. გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივებიც იყო, რომ გარკვეული გამონათქვამების კრიმინალიზება უნდა მომხდარიყო. აქ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი მოქმედებს. საქართველო ამით ნამდვილად უნდა ამაყობდეს, ვინაიდან საკანონმდებლო დონეზე გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე სასამართლომაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ის შეიძლება იყოს კრიტიკის ობიექტი, მათ შორის რიგ შემთხვევებში საკმაოდ არასასიამოვნო და მძაფრი კრიტიკის.

ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადებით მედიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა, ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ჩვენ ვიცით ამის უკან რაც დგას. იგივე ქალბატონი ევა გოცირიძე იყო ერთ-ერთი მოთავე, რომ მედიას და საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლოს კრიტიკა აეკრძალოს. ჩვენმა მოსამართლეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებას ექნება კრიტიკული აზრი სასამართლოზე.

გარდა ამისა როდესაც ისინი საუბრობენ ევროპულ სასამართლოზე და იქაურ სტანდარტებზე. არის რამდენიმე საქმე განხილული და ძალიან საინტერესოა გაეცნონ იქაურ პრაქტიკას. ევროსასამართლოსაც საკმაოდ მაღალი სტანდარტი აქვს. არსებობს რამდენიმე საქმე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში ჟურნალისტები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, როდესაც მათ სასამართლო გააკრიტიკეს. მერე ეს საქმე მოხვდა ევროსასამართლოში, საინტერესოა რა გადაწყდა ევროსასამართლოს მიერ ამ საქმეებზე. თანამედროვე საზოგადოებაში მოსამართლე კრიტიკისგან დაცული არ არის. ეს საერთაშორისო სტანდარტია. თუკი მოსამართლეს ვინმე ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში, ამაზე შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს. რომელიც იცავს როგორც მოსამართლეებს, ისე მათ თავისუფლებას. ასეთ სიტუაციაში მათ თამამად შეუძლიათ კანონი გამოიყენონ. პირიქით, როდესაც საზოგადოებაზე ვსაუბრობთ კრიტიკა ყოველთვის იქნება, ხანდახან ეს კრიტიკა შეიძლება იყოს მტკივნეული“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სხდომების ჩაწერის აკრძალვასა და იუსტიციის საბჭოს ახლანდელი განცხადებას შორის პარალელს ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ორივე პრობლემური საკითხია.

„ამას ორივეს შეიძლება შევხედოთ, როგორც უარყოფით მოვლენას. როდესაც სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება ესეც პრობლემურია, თუმცა ამ შემთხვევაში სულ სხვა პრობლემაზეა საუბარი. აქ სასამართლო გამოდის ინიციატორად, რომ კონკრეტულ ადამიანებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და აეკრძალოთ სასამართლოს კრიტიკა. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ორივე საკითხი პრობლემურია. რაც მეტად შუქდება სასამართლოს საქმიანობა და მეტი გამჭვირვალობაა, რა თქმა უნდა მეტი კრიტიკაა, მაგრამ ეს ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს გაჯანსაღებას და დამოუკიდებლობის გაზრდას“, – განუცხადა გიორგი ტუღუშმა „აიპრესს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად