გიორგი ცუცქირიძე: მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს

ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე წერს.

“ბოლო წლებია, პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად არაარსებითი მსჯელობა ისმის. შესაბამისად, კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული ფრაზები და უპასუხისმგებლო განცხადებები, უსაფუძვლო სპეკულაციების საგანი ხდება.

ამ თემამ მორიგი აქტუალიზაცია, მიმდინარე წელს, თვითმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში შეიძინა, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან პენსიონერთა ხმებზე “ნადირობის სეზონი” გაიხსნა და რა სახის დაპირებები არ გაჟღერდა, რომელთა საერთო დედააზრი, საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთების უპრეცედენტო შემცირებას ითვალისწინებდა, თვით საბაზრო განაკვეთზე გაცილებით დაბალსაც კი. თან ყოველგვარი წონადი არგუმენტების გარეშე.

ამ საარჩევნო სრბოლაში, მთელი დარტყმა ბუნებრივია, საპენსიო მომსახურებაზე პასუხისმგებელი მოქმედი ბანკის (ლიბერთის) მიმართ განხორციელდა.
სამწუხაროდ, აშკარად სპეკულაციურ ხასიათს ატარებდა ღია, ლამის ბრალდებამდე დასული მინიშნებები საპენსიო სესხზე, ბანკის ზე მაღალ საპროცენტო განაკვეთზე. ისეთი სურათიც კი დაიხატა, თითქოს ბანკი, სარგებლობდა რა ბაზარზე მონოპოლიური უპირატესობით, პენსიონერებს გაცილებით მაღალ პროცენტში სთავაზობდა სესხს, ვიდრე ამის შესაძლებლობას საბაზრო განაკვეთი იძლეოდა.

მთელი ეს კამპანია, რომ წმინდა სპეკულაციური ხასიათისა იყო და საერთი რეალობასთან არაფერი ჰქონდა, იქიდანაც გამოჩნდა როდესაც არჩევნების შემდგომ პერიოდში, ამ საკითხის ირგვლივ სრული სიჩუმეა დასადგურებული. არაფერი ისმის საპარლამენტო განხილვებზე, არადა საკითხი საპარლამენტო კომიტეტებზე დადგა.

რაც ყველაზე ცუდი და საგანგაშოა, ამ არაკონსტრუქციულმა აქტიურობამ მიიღო რეპუტაციული ზიანის შემცველი კამპანიის ხასიათი. სწორედ, მაღალი რეპუტაციული ჰაზარდის ანუ რისკის გამო, სავარაუდოა, რომ არცერთი მოქმედი კომერციული ბანკი არ გარისკავს საპენსიო მომსახურების ტენდერში მონაწილეობის მიღებას და საკუთარი იმიჯის შელახვას.

გარდა რეპუტაციული და იმიჯის შელახვის რისკებისა, ასევე არსებობს წმინდა ტექნიკური საკითხები, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური, ისე საპროცენტო ფასწარმოქმნის კუთხით, და რაზეც აქცენტები საერთოდ არ გამახვილებულა. კერძოდ, საპენსიო მომსახურების პასუხისმგებელი ბანკი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად უნდა ფარავდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიას. როგორც ცნობილია ამ ეტაპზე არ არსებობს

არცერთი კომერციული ბანკი (ლიბერთის გარდა), რომელიც შეუფერხებლად შეძლებს სოციალური გასაცემლების დარიგებას, მათ შორის ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სხვა ბანკების არც ფილიალები და არც სერვის ცენტრები არ ფუნქციონირებენ. წინა ტენდერში ბანკის გამარჯვების წამყვანი ფაქტორიც მომსახურების ფართო არეალი იყო.

სწორედ, მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს.” – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები
იტვირთება...