გიორგი ცუცქირიძე: ე.წ. საპენსიო სესხებზე პოლიტიკოსები პროცენტებით ჟონგლირებდნენ, თუმცა გაირკვა, რომ ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია

„ე.წ. საპენსიო სესხებზე პოლიტიკოსები პროცენტებით ჟონგლირებდნენ, თუმცა გაირკვა, რომ ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია და პროცენტიც საბაზროა“, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“წინასაარჩევნოდ საბანკო სესხების და ეს განსაკუთრებით “ე.წ. საპენსიო სესხებზე ითქმის, მათი გაზრდილი ელექტორალური ფაქტორიდან გამომდინარე, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება განსაკუთრებით ბოლო არჩევნებზე იყო თვალშისაცემი. ამ თემით სპეკულირება იმითაც არის არასასურველი და სახიფათოც, რომ მისი სისტემის გარეთ განხილვა ხშირად ილუზიაში გვაგდებს და გვაშორებს სინამდვილისგან.

სამწუხაროდ, ამგვარ ილუზორულ ხედვას ამკვიდრებს პოლიტიკურ აქტიორთა არც თუ მცირე ნაწილი, რითაც რეალურად ხდება

არსებული სხვა პრობლემების იგნორირება ან თავად ადამიანების მიერ, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობის ზრდა, რასაც ბრუტალური შედეგებიც ადასტურებს, დაკარგული საცხოვრისის თუ ქონების სახით.

ასეთი პერსპექტივიდან კი საზოგადოებისათვის რთული იქნება საბანკო მომსახურების ხარისხობრივი გაუმჯობესება და ბანკების შეთავაზებების კონკურენტულ კონტექსტში დანახვა.

საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ აქტიურად განიხილებოდა ე.წ. საპენსიო სესხზე რიცხული საპროცენტო განაკვეთის საკითხი.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სესხი წარმოადგენს სტანდარტულ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო კრედიტს, რომელიც სხვა სასესხებო პროდუქტებთან შედარებით ისედაც ძვირია. რაც შეეხება უშუალოდ საპროცენტო განაკვეთს, არაერთი მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ კრედიტზე, რომლის ეფექტური განაკვეთი 30.65%-ია, სრულად შეესაბამება საბაზრო პროცენტებს. საპენსიო მომსახურების და ზოგადად სასესხებო პროდუქტების თვითღირებულების მნიშვნელოვან ასოექტს, მაღალი ხარჯები წარმოადგენს. რეგიონებში და განსაკუთრებით შედარებით მცირე დასახლებულ პუნქტებში ფილიალების დიდი ნაწილი ისედაც ზარალიანია და მათი შენახვა სუბსიდირებით ხდება, რაზეც საერთოდ არ კეთდება აქცენტები. არადა საპენსიო მომსახურება ქვეყნის მთელ ტერიტორიას უნდა მოიცავდეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტი განაკვეთი დაახლოებით 27%-ის ფარგლებშია და ისედაც მაღალია მსხვილ სესხებთან შედარებით, მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო. აღნიშნულს ემატება სხვადასხვა საკომისიოები, სიცოცხლის დაზღვევა და სხვა ღია თუ ფარული ხარჯები. საბოლოო ჯამში, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ამ ტიპის კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები ბაზარზე 31-დან 49%-მდე მერყეობს.

აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების მიერ შექმნილი განგაში აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. მათი მთლიანი აქტიურობა “ე.წ. საპენსიო სესხებზე პროცენტებით უფრო ჟონგლირებას ემსახურებოდა, და მიმართული იყო ისეთი პრობლემის გადაჭრაზე, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან აღნიშნული სესხის პროცენტი სრულად შეესაბამება საბაზრო პრინციპებს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები
იტვირთება...