A1 ბანერი

გიორგი ტყემალაძე: გენგეგმა უზრუნველყოფს ქალაქის გრძელვადიან, სწორ, სისტემურ განვითარებას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

დოკუმენტის საბოლოო ვერსიას დღეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომაზე განიხილავენ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულო ხვალ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თბილისის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის გრძელვადიან, სწორ, სისტემურ განვითარებას. დღეს ფრაქციის სხდომაზე საბოლოო დეტალების ვაზუსტებთ. ძირითადი სამუშაოები, როგორც კომისიურ ფორმატში, ასევე საზოგადობრივი განხილვების ფორმატში უკვე გავიარეთ. შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტი მზადაა მისაღებად,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, ხვალ ურბანული განვითარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრები კიდევ ერთხელ მოისმენენ გარკვეულ საკითხებს სამშენებლო წესებთან დაკავშირებით.

„როგორც ცნობილია, ხვალ ასევე ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამშენებლო წესებთან დაკავშირებით. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი არის ის, რომ აიკრძალოს K2 კოეფიციენტის გადაჭარბების გაზრდა. ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს, რომ ქალაქი განვითარდეს გენგეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად და ჩვენ გვქონდეს სისტემურად გრძელვადიანი განვითარების გეგმა-სტრატეგია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ თბილისს ექნება განვითარების რეალისტური, საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის სწორი განვითარების სტრატეგიას ქმნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...