გიორგი სვანიძე: ქართულმა ზეითუნის ზეთმა ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენა – ყველა ნორმატივებით მსოფლიოში საუკეთესო სიცილიურ ზეთს დაემთხვა

თბილისში უკვე მეორე დღეა, 48 ქვეყნის წარმომადგენელი მსოფლიოში ზეთისხილის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობს. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას მასპინძლობს. ხვალ კი ცერემონიების სასახლეში ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის გიორგი სვანიძის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია – ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ, ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები.

“წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთმა ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენა. მსოფლიო ბაზარზე საუკეთესოდ ითვლება სიცილიის ზეთი. ფაქტობრივად, რომელიც ყველა ნორმატივებით დაემთხვა ქართული ზეითუნის ზეთს.

სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ამ ზეთის წარმოებით. ასევე, გვაძლევს საშუალებას, უფრო მარტივად გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით, იყო ზეითუნის ზეთი, შემდეგ ზეთისხილი, ახლა საპონი. ვფიქრობ, ეს რაოდენობა გაიზრდება. ამ ეტაპზე სამომავლო გაზრდაზე ვმუშაობთ” – განაცხადა “აიპრესთან” გიორგი სვანიძემ.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის რომ თბილისში ტარდება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, ნიშნავს იმას, რომ ქართული ზეითუნის ზეთი მარტივად შეძლებს გავიდეს მსოფლიო ბაზარზე.

“სესიაზე ძალიან ბევრი საკითხია, 48 ქვეყნის წარმომადგენელია ჩართული. თითქმის ყველა ქვეყნის მინისტრია ონლაინ ხაზზე, სადაც განიხილება მსოფლიოში ზეთისხილის სწორი განვითარება. მსოფლიო ზეთისხილის საბჭომ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ჩვენთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს დარგი. უნდა შეიქმნას ერთობლივად სანერგეები, ქარხანა, შემდგ კი როგორ უნდა გავიდეს პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე. ამაშიც ხელს გვიწყობს საბჭო და ვფიქრობ, ამ ასამბლეამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოში, როგორც ზეთისხილის სწორ განვითარებაზე, ასევე მისი პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე სწორ გაშვებაზე. დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მეტ პოპულარიზაციას მოუტანს საქართველოში წარმოებულ ზეითუნის ზეთს და მარტივად შევძლებთ გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე.” – განაცხადა გიორგი სვანიძემ.

კომენტარები
იტვირთება...