გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ერთ-ერთის, არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის.

ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არასრულწლოვანს სამართალდამცველმა “თავში ჩაარტყა. ხოლო როცა შემთხვევის ადგილზე გაიყვანეს, კერძოდ ხიდთან, მცხეთის გადასახვევთან ზურგში ჩაარტყა მუშტი”.

როგორც “აიპრესთან” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე “გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნტქით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 335-ე მუხლით ( განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება). გამომძიებელი უკვე შეხვდა, გაესაუბრა არასრულწლოვანს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს დღეს წარუდგინეს. 

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად