გიორგი შარაშიძე: IRI-ს კვლევით დადასტურდა, რომ ყველა პარტიის რეიტინგი მცირდება, “საქართველოსთვის” კი იზრდება

IRI-ს კვლევით დადასტურდა, რომ ყველა პარტიის რეიტინგი მცირდება, “საქართველოსთვის” კი იზრდება, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე Facebook-ში წერს:

“რა დასკვნების გამოტანა შეიძლება IRI-ის უახლესი კვლევიდან? 👇
1. პარტია „საქართველოსთვის“ ყველაზე სწრაფად მზარდი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის რეიტინგი არა ერთი რომელიმე პარტიის, არამედ უკლებლივ ყველა, სახელისუფლო თუ ოპოზიციური, პარტიის რეიტინგის კლების პარალელურად იზრდება, რაც აქარწყლებს ხელოვნურად გავრცელებულ მითს იმის შესახებ, თითქოს პარტია „საქართველოსთვის“ ხმებს მხოლოდ მმართველ პარტიას ართმევს…
2. პარტია „საქართველოსთვის“ ყველაზე მაღალი „მეორე არჩევანის“ მქონე პარტიაა 9%-ით, როცა ამ ეტაპისთვის პირველ და მეორე ადგილზე მყოფ პარტიებს თითქმის ამოწურული აქვთ ზრდის პოტენციალი, რაც აშკარად მიუთითებს პარტია „საქართველოსთვის“ შანსებზე, მინიმუმ გააორმაგოს არსებული შედეგი და ოქტომბრის არჩევნებზე უპრობლემოდ გადალახოს 20%-იანი ზღვარი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კი შეცვალოს ხელისუფლება!
3. გახარია კვლავაც ინარჩუნებს მაღალ პერსონალურ რეიტინგს. მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად არის განწყობილი მის მიმართ გადადგომიდან რამდენიმე თვის შემდეგაც და არ გამართლდა მმართველი პარტიის შეფასებები, რომ გახარიას რეიტინგს პარტიის რეიტინგი განაპირობებდა.
4. დადასტურდა მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების რეალური საბაბი – ჯერ კიდევ აპრილში 35%-იანი რეიტინგის 28%-მდე დაცემა, რაც სახელისუფლო პარტიისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის შეუქცევად კლებას ადასტურებს.
5. დადასტურდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირეობა მმართველ პარტიასთან შარლ მიშელის შეთანხმების ჩასაშლელად, რადგან მისი რეიტინგიც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“, შემცირებულია 18-დან 15%-მდე და თუ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ რეიტინგს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგს შევადარებთ – 27%, კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რატომ აწყობდა განახევრებული რეიტინგის მქონე პარტიას შარლ მიშელის შეთანხმებისა და ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების ჩაშლა.
6. დადასტურდა, რომ შემცირებულია უკლებლივ ყველა პარტიის რეიტინგი, როცა იზრდება მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერა, რაც არ არის გასაკვირი იმ ფონზე, როცა კვლევის თანახმად მოსახლეობის 97% უარყოფითად აფასებს პოლარიზაციას, რომლის შემცირებისა და პოზიტიური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის მხოლოდ გახარია და მისი გუნდი იბრძვის, მმართველი ძალა და ოპოზიცია კი სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს.
7. და ბოლოს, მოსახლეობის უმრავლესობა – 61% უკმაყოფილოა არსებული პოლიტიკური სპექტრით და ცვლილებებს ახალი პოლიტიკური ძალისგან ელისგან, 75% კი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცვლილება გარდაუვალია #საქართველოსთვის
გამოწვევა მიღებულია! ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ შევცვლით!” – წერს შარაშიძე.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.
კომენტარები
იტვირთება...