გიორგი რურუა ციხეში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა, რურუას აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

გიორგი რურუას საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებდა, რომ გიორგი (ჟორიკა) რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის საფუძველი არ არსებობს:

” ბრალდების მხარე ხელმძღვანელობს იმ მტკიცებულებებით რაც საქმეშია და აფასებს იმ საფრთხეებს რაც ბრალდებულის მხრიდან შესაძლოა დადგეს. აქედან გამომდინარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს” – განაცხადა საქმის პროკურორმა.

შსს-მ “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად