გიორგი ქობულია “მაკინზის” კვლევაზე: ეს არის ჩემთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი სისულელე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ “ტოტალურ აბსურდი” უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი თანამდებობაზე დანიშვნა “მაკინზის” მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოხდა.

როგორც გიორგი ქობულიამ პარლამენტში, ღია ფორმატში შეხვედრისას დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, ნაშრომის გამო თანამდებობაზე მისი დანიშვნა არ მომხდარა.

“ბევრჯერ მსმენია და მედიაში საკმაოდ ხშირად ჟღერს, რომ ჩემი მოსვლის ერთერთი ისტორია არის ისეთი, თითქოს იყო “მაკინზის” მიერ გაკეთებული ნაშრომი, რომელიც მერე არ აღმოჩნდა ჩემი გაკეთებული, არამედ ვიღაც სხვის გაკეთებული იყო. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის ტოტალური აბსურდი.

ასეთი ტიპის ისტორიებში რომ ჩავეძიოთ, ამ ისტორიაში რამდენიმე ტოტალური უაზრობაა. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაშრომით ვინმეს სამსახურში აყვანა ხდება, მერე უი, არა შეგვეშალა, ისე არ ყოფილა და მოდით გავათავისუფლოთ? ეს ისტორია თავიდან ბოლომდე ფანტაზიაზეა აგებული. ნიკა გილაურს ძალიან კარგად ვიცნობ და მისგანაც შეგიძლიათ მიიღოთ კომენტარი, რომ ეს არის ჩემთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი სისულელე. მიჭირს ავხსნა, იმდენად აბსურდია”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეკითხვაზე, რატომ შეაჩერა მმართველმა გუნდმა ქობულიაზე არჩევანი, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდს სჭირდებოდა ძლიერი ტექნოკრატი.

“გეტყვით პირდაპირ – იყო ასეთი აზრი, რომ მმართველ გუნდს, შესაძლებელია პრემიერს, მმართველი პარტიის ხელმძღვანელს ჰქონდა აზრი, რომ ჩვენ ახლა სიტუაცია რომ გავასწოროთ, გვჭირდება ძლიერი ტექნოკრატები.

ვინ არის ძლიერი ტექნოკრატი? საქართველოში ასეთი არავინ გვყავს. მოდით, მოვიძიოთ ძლიერი ტექნოკრატები საქართველოს ფარგლებს გარეთ. მე ვიყავი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და სერიოზული კომპანიის უფროსი პარტნიორი.

არავის არ გაუწევია ჩემთვის რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ვიღაცებს ჰკითხეს, ვინ არის ეს კაცი. გაუგიათ საქართველოში ჩემი გვარი, ამ მთავრობისთვის, წინა მთავრობისთვის საქართველოში პროექტებიც მქონდა გაკეთებული, როგორც “მაკინზის”, ამიტომ იცოდნენ, რომ არის ასეთი პიროვნება.

მომიწვიეს და გვქონდა შეხვედრები ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მერე ერთი თვე ვისაუბრეთ, რა პრინციპებზე ავაგებდით მუშაობას. სერიოზული საუბრები იყო პრემიერ-მინისტრთან და პარტიის ხელმძღვანელთან. იყო საუბრები იმაზე, რომ ვებრძვით ნეპოტიზმს, არავის დავნიშნავთ, ვინც არ იქნება ღირსეული, არ მოვაწერთ ისეთ ხელშეკრულებებს ხელს, რომელიც კერძო ბიზნესმენების ინტერესებშია. ეს პირობები ნალაპარაკები იყო და იყო ჩვენი შეთანხმება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...