გიორგი ქობულია – განხეთქილების ვაშლი პარლამენტში

პარლამენტში ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენის თემა დაპირისპირების საგანი გახდა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას დაბარების შესახებ წინადადება დასვა, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა და სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად სვამს წინადადებას, რომ ყოფილი მინისტრი დაბარებული იქნას პარლამენტში და მიეცეს საშუალება ისაუბროს იმ თემებზე, რაც მის საქმიანობას და მინისტრობიდან გადადგომის დეტალებს უკავშირდება.

“ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ქობულიამ მედიით გააჟღერა თემა, რომ არსებობს გარკვეული ბარიერები, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს გაცილებით სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ზრდა შეიძლება ყოფილიყო და გარკვეული ციფრებიც იყო დასახელებული. მოვიდეს პარლამენტში, წარმოადგინოს თავისი ანგარიში და ვისაუბროთ ამ თემაზე” – განაცხადა ლევან კობერიძემ და აღნიშნა, რომ მის ინიციატივას მხარს კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი: ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი უჭერენ.

“ჩვენ მზად ვართ და ალბათ, სხვებსაც აინტერესებთ: მინდა გავაჟღერო და ვთხოვო ქობულიას, ჩვენ მზად ვართ რომ პარლამენტში მოვაწყოთ ღია ფორმატის შეხვედრა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება მოვიდნენ. მოვუსმენთ მას და დავსვამთ შეკითხვებს”-განაცხადა ლევან კობერიძემ.

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განმარტებით, თავიდან, როცა ეს საკითხი დაისვა, მაშინ ითქვა, რომ ქობულია აპირებს დამატებით სიცხადე შეიტანოს მისი გათავისუფლების საკითხში.

“ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ მას აქვს რაიმე სათქმელი, რაც არ უთქვამს და აპირებს, რომ მომავალში თქვას, რატომაც არ უნდა თქვას პარლამენტში. როდესაც მას პირადად ვესაუბრე, მან საკითხი გადმოიტანა მისი საქმიანობის შეფასებაზე, რაც პრინციპში, აბსოლუტურად სხვა საკითხია. აქ ორი საკითხია, გვინდა თუ არა, რომ ეს პრეცედენტი დავამკვიდროთ, რომ თანამდებობიდან წასული მინისტრი ანგარიშს აკეთებს. მე მის საქმიანობაში მკვეთრად უარყოფითი შეფასება არც მქონია, მაგრამ ისიც ვთქვი, რომ პრემიერსაც აქვს იმის უფლება, რომ გააკეთა განცხადება და რაღაც ნაწილი არ გამოიტანა საჯაროდ”, – განაცხადა რომან კაკულიამ და განმარტა, რომ ამ მოცემულობაში გიორგი ქობულიას კომიტეტში მოსმენა არასწორად მიაჩნია.

“მე დავეთანხმე, რომ თუ ის რაიმე განსაკუთრებულის თქმას აპირებს, კი ბატონო, თქვას, მაგრამ თუ მივედით იქამდე, მოვისმინოთ თუ არა მისი 8 თვის ანგარიში, ეს სულ სხვა მოცემულობაა, ამას შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ” – აღნიშნა რომან კაკულიამ, თუმცა, იმის გამო, რომ კომიტეტის სხდომა უმრავლესობის წევრთა დიდი ნაწილი არ ესწრებოდა, კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...