გიორგი ქადაგიძე: “სარეზერვო ფულის ზრდა არის მინიმალურზე მინიმალური”

"საბიუჯეტო რეფორმის ფარგლებში 2015 წლის 1 იანვრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ანგარიშები ჰქონდათ კომერციულ ბანკებში განთავსებული ლარში. მოხდა რეფორმა და ეს თანხები გადავიდა ხაზინის ანგარიშზე", – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო როგორც ეროვნული ბანკი, ასევე კომერციული ბანკებიც. 

"ბანკებმა, იმისთვის რომ დაეცვათ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები მოგვმართეს ჩვენ და წაიღეს ჩვენგან 350 მილიონი ლარი და შედეგად, უმტკივნეულოდ მათი ნაშთები გადავიდა ხაზინის ანგარიშზე. ზუსტად ამისთვის არის რეფინანსირების განაკვეთი, რომ არ შევუქმნათ ლიკვიდობის პრობლემა და მაშინ როდესაც მოთხოვნა არის გაზრდილი დავაკმაყოფილოთ მოკლევადიანი მოთხოვნები.

თეორიულად, რადგან ეს არის 1 კვირიანი რეფინანსირების ინსტრუმენტი, მისი გაუქმება შეიძლება 1 კვირაში. ჩვენ შეგვიძლია 1 კვირაში გავაუქმოთ ის – რაც ეკონომიკიდან 900 მილიონი ლარის ამოღებას გამოიწვევს. მაგრამ, რა თქმა უნდა ამას ექნება ძალიან ცუდი ეფექტი და რა თქმა უნდა ამას არ ვაპირებთ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ეს თანხა ხვდება სავალუტო ბაზარზე, შემდგომ მას ბანკები ყიდულობენ და ჩვენ ამას ვიწვეთ ხელოვნურად – რა თქმა უნდა არ შეიცავს რეალობის ნატამალსაც კი.

თუ კითხვა არის ფულის მასას რატომ არ ვამცირებთ – სარეზორვო ფულის ზრდა არის მინიმალურზე მინიმალური. მისი კიდევ უფრო შემცირება დაარტყავს ეკონომიკას.

ბოლო 15 წლის განმავლობაში სარეზორვო ფული შემცირდა მხოლოდ 2008 წელს, ამიტომ საუბარი იმაზე რომ ჩვენ შევამციროთ ფულის მასა, მაშინ როდესაც ეკონომიკური ზრდა არ არის დიდი, – ეს მხოლოდ გამოიწვევს ეკონომიკის დატორმუზებას. ეს ნიშნავს სესხების გაძვირებას და მასზე  ხელმისაწვდომობის შეზღუდვას", – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...