გიორგი ქადაგიძე: ანტისაბანკო განწყობები ძალიან სახიფათოა

“მრავალი წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობები მძვინვარებს. ეს ძალიან სახიფათოა”, – აღნიშნულის შესახებ, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის მოსაზრება, რომ ბანკები მაღალ მარჟებზე მუშაოებენ – არასწორია.

“მიუხედავად ამისა, ჩვენს მოსახლეობას, ბანკების მიმართ, დიდი ნდობა აქვს. მეანაბრეთა მხრიდან საბანკო სისტემის ნდობა – ძალიან მაღალია. 10 წლის წინ, ამაზე საუბარიც კი არ იყო. დღეს, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საბანკო კრედიტი ხელმისაწვდომია, საპროცენტო განაკვეთები კი, შეძლებისდაგვარად დაბალია. ბანკები არანაირ ზემოგებებს არ ნახულობენ, ეს მოსაზრება არასწორია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ლარის კურსთან დაკავშირებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი, ლარის უფრო მეტად გაუფასურებას აღარ ელოდება.

“ეს გაუფასურება, მონეტარული ეფექტით არ იყო გამოწვეული. გაუფასურების მიზეზი, შემოდინებების ნაკლებობაა და სხვა არაფერი. ჩვენ, ეკონომიკიდან 700 მილიონი ლარი ამოვიღეთ, იმისათვის, რომ ბანკებს ლიკვიდობა დაეჭირათ, მათ რეფინანსირების სესხები უნდა აეღოთ.

მონეტარული გამკაცრება, პრობლემის მოგვარება არაა. პრობლემის მოგვარება საგადამხდელო ბალანსის აღდგენაშია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მეტ გაუფასურებას აღარ ველოდებით, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ არსებული შემცირება (გზავნილები და ტურიზმი), არსებულ კურსში უკვე ასახულია. სხვა, თანაბარ პირობებში, უფრო მეტ გაუფასურებას არ ველოდებით”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად