გიორგი ქადაგიძე: “ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა დანაშაულებრივი ქმედებაა”

"ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება",-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. 

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არის კონტრპროდუქტიული და ამაზე საერთაშორისო პრაქტიკაც მეტყველებს.

"არის თუ არა საჭირო სავალუტო რეზერვების ხარჯვა? მოგეხსენებათ, რომ სავალუტო რეზერვი არის გარანტი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა. სავალუტო რეზერვების მართვა და სწორი აკუმულირება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება. ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით, არის არამარტო არასწრორი, არამედ კონტრპროდუქტიული. ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო მაგალითით.

მეორე კითხვა არის, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს 900 მილიონი და ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ 900 მილიონი დოლარი ბაზარზე გამოვიტანოთ. ეს ასე არ არის. მესამე კითხვა, რატო ხარჯავდით 2009-2010 წელს რეზერვებს, რატომ გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე… მთავრობას მოჰქონდა დონორთა კონფერენციის ფარგლებში 4.5 მილიარდი, სხვადასხვა სესხებისა და გრანტების სახით. ეროვნული ბანკი ფაქტიურად იყო გამტარი დონორთა კონფერენციის მოზიდული თანხების და მიუხედავად იმისა, რომ გამოგვქონდა ვალუტა, სარეზერვო ფონდი გვევსებოდა. არასდროს არ გვიმცირდებოდა სავალუტო რეზერვის დონე",-განაცხადა ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმებენებზე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ანგარიშს პარლამენტარებს წარუდგენენ. ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სხდომა შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო 13 მარტს არის ჩანიშნული, რომელსაც ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...