გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის უმსხვილეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

სემეკის წევრის – ECRB-ის პრეზიდენტის, გიორგი ფანგანის ინიციატივით, პირველად ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ისტორიაში, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებლებს (MEDREG) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონია ავსტრიაში, ქ.ვენაში გაიმართა. ენერგეტიკის სექტორში წამყვან ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გიორგი ფანგანის, როგორც ECRB-ის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილებების გაზიარებას ენერგეტიკის ბაზრის რეგულირების შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის.

“სამ უმსხვილეს ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მიზანია ენერგეტიკის სექტორის რეგულირების გაძლიერება. მემორანდუმის საფუძველზე მომზადდება ერთიანი ანგარიშები, რომელიც გააერთიანებს მხარეთა შეფასებებსა და მონაცემებს, რაც ენერგეტიკის მარეგულირებლების საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს”, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) წარმოადგენს ევროპის მარეგულირებელთა პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ევროპის ენერგეტიკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ 34 ორგანიზაციას. ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებლების ასოციაცია (MEDREG) – 25 ენერგეტიკის მარეგულირებელს.

ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭო (ECRB) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას, ხელს უწყობს ევროპულ დირექტივებთან ქვეყნების ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს. გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი პირველად ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად