გიორგი პაპავა: ბიზნესსექტორის დასახმარებლად დღესვე მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა უპასუხისმგებლობა იქნება

ბიზნესის გავლით მასშტაბური ნაბიჯების აუცილებლობა ჯერჯერობით არაა, – ამის შესახებ „აიპრესს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს ორგანიზაციებს იმდენად დიდი წნეხი არ დააწვეთ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობის გასვლის შემდეგ, როდესაც მათი საქმიანობა დაშვებული იქნება, ამ წნეხის გამო საქმიანობა ვეღარ გააგრძელონ.

„ბიზნესის გავლით მასშტაბური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რაც არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ბევრი ბიზნესი ტექნიკურად უბრალოდ ვერ გააგრძელებს 1-2 თვის განმავლობაში საქმიანობას, შეიძლება მეტი დროც. რაც არ უნდა გავუკეთოთ სასტუმროს, რესტორანს, საცალო ვაჭრობის ობიექტს თუ სხვა მიმართულებით, ისინი ვერ დაიწყებენ საქმიანობას.

მეორე საკითხი არის, რომ იმ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, რომ როდესაც მათი საქმიანობა დაშვებული გახდება, მერეც ვეღარ განახორციელონ საქმიანობა, იმდენად დიდი წნეხი დააწვეს, რომ საერთოდ ვეღარ გახდეს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესი, მაშინ როდესაც ის იყო სიცოცხლისუნარიანი. რაღაც გარკვეულ სექტორებში შეიძლება განხილული იყოს, უბრალოდ ეს უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ბიზნესები ისე არ გაკოტრდნენ, რომ მერე უბრალოდ ვერ დაქოქონ მას შემდეგ რაც დასრულდება საგანგებო მდგომარეობა და ბიზნესსაქმიანობა იქნება დაშვებული.

ცალკე საკითხია ის, რომ როგორც კი ბიზნესსაქმიანობა იქნება დაშვებული, მაშინ რა დახმარებებია განსახორციელებელი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობა დაგვხვდება. არ ვიცით ეს როდის იქნება და რა მასშტაბის იქნება კერძო სექტორისთვის მიყენებული ზიანი. ამაზე თავის დადება, რომ დღესვე რაღაც მნიშვნელოვანი თანხა იქნება გამოყოფილი, ამის პირობის გაცემა უბრალოდ უპასუხისმგებლობა იქნება. იმიტომ, რომ როდესაც ეს სიტუაცია მოვა, შეიძლება ისეთი პრობლემების წინაშე დავდგეთ, რომ საერთოდ არ წარმოგვიდგენია“, – გვითხრა გიორგი პაპავამ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად