გიორგი მშვენიერაძე: წარმოდგენა არ გვაქვს, ივერი მელაშვილის რა აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე საუბრობს პროკურატურა

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატვის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატია, “აიპრესთან” აცხადებს, რომ პროკურატურამ დღეს სამოტივაციო და ბრალის ნაწილს ჩაამატა მხოლოდ ორი სიტყვა.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ადვოკატებისთვის უცნობია რა აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე და ვინ ზემდგომზე საუბრობს დაზუსტებაში სახელმწიფო ბრალმდებელი.

“დაზუსტება შეეხო ე.წ. სამოტივაციო ნაწილს და ბრალდების ნაწილში ჩაამატეს ორიოდე სიტყვა – ხელმღძვანელობის დავალებით მოქმედებნენ ილიჩოვა და მელაშვილი.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მტკიცდება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ჩვენ ყველა გამოკითხვის ოქმი, რაც კი აინტერესებდა მედიას, საჯარო გვქონდა და როგორც ვიცი, იმავეს აკეთებდა ილიჩოვას ადვოკატები. მედიას ფაქტობრივად ყველა ჩვენება აქვს ნანახი, რომელიც მიცემული აქვთ ამ საქმეზე გამოკითხულ პირებს და არსად მსგავს რამეზე საუბარი არ არის.
რაც შეეხება ფარულ აუდიო-ვიდეო მასალებს, ჩვენთვის ასეთი საგამოძიებო მოქმედება თუ ტარდებოდა ან ჩატარებული თუ იყო უცნობია და არ ვიცით რაზეა საუბარი. ამიტომ, თუ კი რამე მტკიცებულება არსებობს, გვეპარება ეჭვი რამე სერიოზულ მტკიცებულებაზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ, როცა გვქონია კომუნიკაცია ბრალდებულთან, მისი პოზიცია ამაზე მოგვისმენია. ამიტომ, რაც არ ვიცით იმაზე ვერ ვისაუბრებთ. თუ კი გამოაქვეყნებენ მტკიცებულებას და გადმოგვეცემა ჩვენ, მხარესაც, კი ბატონო, შემდეგ ვეცდებით შესაბამისი პასუხის გარკვევას, გაგებას.

წარმოდგენა არ გვაქვს რა ჩანაწერია, საუბარია 2020 წლის ვთქვათ აგვისტოდან, გამოძიების დაწყებიდან ოქტომბრამდე პერიოდზე, საუბარია ციხეში ჩანაწერზე, საუბარია რაღაც ძველზე, არ ვიცით რაზეა საუბარი, თეორიული წარმოდგენაც კი არ გვაქვს. მხოლოდ მედიიდან შევიტყვეთ დღეს. ” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ “აიპრესთან”.

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გაანცხადებით,   “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

დღეს კი პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და განაცხადა, რომ  ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელიც საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად