გიორგი მშვენიერაძე: ივერი მელაშვილის სრული ჩანაწერი 29 საათიანია

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე,“აიპრესთან” აცხადებს, პროკურატურის მიერ გავრცელებული 20 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი, მარტო ის არ არის, რაც საზოგადოებამ ტელეეთერიდან იხილა.

მისი თქმით, ფარული ჩანაწერი 29 საათიანია და ადვოკატებმა გაცნობა ვერ მოასწრეს.

„ეს არ არის ის, რაც მარტო ეთერში ვნახეთ. გაცილებით დიდი მოცულობის  ჩანაწერია,  დაახლოებით 29 საათამდეა ჩანაწერია. ამიტომ, მხოლოდ ის მაქვს ნანახი, რაც ტელევიზიით ვნახეთ, რადგან დღეს და გუშინ გვქონდა ბოლო ვადები საქმეთა გაცვლის მასალების პროკურატურასთან და ორიენტირებული ვიყავით, რომ ეს სამუშაო პირნათლად შეგვესრულებინა, ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაგვეხარისხებინა, დაგვენომრა და ეს ტომები გადაგვეცა პროკურატურისთვის და სასამართლოსთვის.

ის მტკიცებულებები რაც გუშინ გადმოგვცა პროკურატურამ, ჩვენ მანამდე არ გვქონია გაცვლა პროკურატურასთან. ძალიან ბევრი მასალა, რომელიც შეიძლება ჰქონდა ილიჩოვას ადვოკატებს, მაგრამ არ გვქონდა ჩვენ, მოიცავს პერიოდს 2020 წლის 8 ოქტომბრიდან, ბრალის წაყენების მომენტიდან დღემდე. ეს მასალები ყველაფერი გვაქვს დასამუშავებელი, როგორც პროკურატურას  ჩვენი ე.წ. მასალების დამუშავება მოუწევს ამ პერიოდში. ჯერ დეტალურად საუბარი ყველა მტკიცებულებაზე რაც შეგროვდა და გადმოგვეცა, არ შემიძლია.

ტელევიზიით გავრცელდა და ვნახეთ ერთი ის, რომ ამ ჩანაწერს თავად ეტყობა რომ დაჭრილია. აქ შესაძლებელია გარკვეულ დიალოგებს ჰქონდა გაგრძელება მანამდე ამათუ იმ  ფრაზას და ეპიზოდს, რაც ჩვენ არ ვიცით და ამას გადამოწმება უნდა, ამოგლეჯილი, რომ არ იყოს ფრაზა. თუმცა, ასე ამოგლეჯილადაც რომ განვიხილოთ ეს ვერსია, ისეთი ამ ჩანაწერში არაფერია, რომელიც რამენაირად ცვლის საქმეზე არსებულ გარემოებებს ან მიუთითებს რამე ბრალეულობაზე და დანაშაულის ჩადენაზე ივერი მელაშვილის მხრიდან. პირიქით, ივერი მელაშვილი  ხაზგასმით აცხადებს, რომ არ ყოფილა მიღწეული არცერთი შეთანხმება, რომელიც იყო საქართველოს ინტერესების საზიანო  ან არ შეესაბამება 33 წლის ხაზს, რომელ შეთანხმებაზეც გვაქვს ხელი მოწერილი. მეორე, როცა საუბარია გარეჯთან დაკავშირებით, იქ ახსენებდა, რომ ეს არის თავდაპირველად დახაზული და მოიცავდა ბერთუბნის მონასტერსაც. ეს იყო გაკეთებული, იმიტომ რომ საქართველოს მხარე სთავაზობდა აზერბაიჯანის მხარეს, ამ ტერიტორიის სანაცვლოდ მოცვას. ეს სიტყვა – მოცვა, ნიშნავს რომ იმავე ფართობის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ  აზერბაიჯანს ეს მიწა გადმოეცა საქართველოსთვის.

აზერბაიჯანის მხარე არც მაშინ და არც დღემდე, სამწუხაროდ არ თანხმდება. თორემ ჩვენი ინტერესია, სახელმწიფოსი და ივერის პირველ რიგში, იმიტომ რომ ამისთვის იბრძოდა , რომ საქართველოს კონტროლირებად მხარეს აღმოჩნდეს არამარტო ჩიჩხიტურის კოშკი, იქვე არსებული კელიები და მონასტერი, არამედ ბერთუბნის მონასტერი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ამ ჩანაწერში არავინ ზემდგომზე არ არის საუბარი. ყოველ შემთხვევაში თქვენც მოუსმინეთ ალბათ და მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა. რომ ზემდგომმა ვინმეს რამე დაავალა. აქ ერთ ადგილას არის ნახსენები ვინმე გოგო. ვინ არის ეს პიროვნება ეს ივერი მელაშვილთან უნდა დავაზუსტოთ.

ივერი მელაშვილთან გავრცელებულ ჩანაწერზე საუბარი არ გვქონია.” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ “იპრესთან”

გუშინ, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რო,მ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება დაასრულა და ივერი მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ მიქელაძეს ფარული ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშია ჩაწერილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გაანცხადებით,   “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და განაცხადა, რომ  ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელიც საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად