გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის პრინცს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის პრინცს, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის უმასპინძლა. პრინცი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცთან საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველო იძლევა ტრანსრეგიონალური თანამშრომლობის განვითარების მხრივ.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მას შემდეგ რაც შევხვდი პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტმა მოკლედ მიამბო საქართველოს ისტორიის შესახებ, ასევე გვესაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებმა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას საქართველოსა და საუდის არაბეთს, ასევე ჩემს კომპანიასა და ამ დიდებულ ქვეყანას შორის." –  განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთის პრინცმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. გიორგი მარგველაშვილმა ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა, რისთვისაც საუდის არაბეთის პრინცმა ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...