გიორგი მარგებაძე: ისეთივე წარმატებით ებრძვიან მცირე ჰესებს, როგორც დიდებს

ახალი ჰიდროელექტროსადგურების მენეჯერი გიორგი მარგებაძე მიიჩნევს, რომ ჰესების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობები მართულია და მათ უკან ის ძალადები დგას, რომლებიც საჯაროდ ვერ ჩნდებიან. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეკოლოგების ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ დიდკაშხლიანი ჰესები ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნიან.

ამის არგუმენტად, მარგებაძე იმ ფაქტს ასახელებს, რომ იგივე ეკოლოგები ისეთივე წარმატებით ებრძვიან მცირე ჰესებს, როგორც დიდებს.

„დღეს 50-ზე მეტი მცირე ჰიდროსადგურის პროექტია გაჩერებული, რომლებიც იბრძვიან საკუთარი სიმართლის გასატანად. დაახლოებით, 2 მილიარდის ინვესტიციაა გაჩერებული, ან გასაჩერებლად განწირული. მარტო გურიაში, 5 მცირე ჰესისის პროექტს 200 მლნ $ ინვესტიცია შეაქვს რეგიონში და 600 სამუშაო ადგილის პერსპექტივას ქმნის, ეს მარტო გურიაში! საუბარია, მცირე ჰესებზე, რომლებსაც 3 ჰა-ზე მეტი მიწა არ სჭირდება და სადაც 4-5-მეტრიანი წყალმიმღები (water intake) კეთდება, კაშხალსაც კი არ ეძახიან ადეკვატურ სამყაროში. ზოგიერთმა ეგრედ წოდებულმა „ეკოლოგმა“ მოსახლეობის აბუნტებით, 5 მგვტ-იანი ბჟუჟა ჰესის პროექტი გააჩერა გურიაში (100 ჯერ ნაკლები ვიდრე ნამახვანი), სადაც მხოლოდ 1,5 ჰა მიწის ფართობი იყო საჭირო, სადაც კაშხალი არ კეთდებოდა და სადაც ქართველი იყო ინვესტორი. რა ხდება? სამშობლო იყიდება? მიკრო კლიმატი იცვლება? დატბორვა და დახრჩობა გვემუქრება?დავფიქრდეთ. რასთან გვაქვს საქმე? „ – ამბობს მარგებაძე და აღნიშნავს, რომ ძალები, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ.

„გამომდინარე იქიდან რომ თვითონ ვერ გამოჩნდებიან საჯაროდ, რადგან როგორც თვითონ ამბობენ არ ებრძვიან მცირე და საშუალო ჰესებს, ყველა რეგიონში ჰყავთ თავიანთი პაწაწუნა ეკოლოგები, ვისი მეშვეობითაც ადამიანებს უწამლავენ გონებას, საჩივარს საჩივარზე წერენ და საჯარო განხილვებს მიზანმიმართულად შლიან. ადგილობრივ მოსახლეობა, საბედნიეროდ, მცირე ნაწილი უჯერებს კარგად ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში ნეგატიური აზრის ფორმირებაზე“, – აღნიშნავს მარგებაძე.

წარმოიდგინე საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილებული 2 მილიარდის ინვესტიცია, სოციალური პროექტები, რომელსაც ინვესტორი ასრულებს (მინიმუმ მილიონ ლარამდე ხარჯავს ყველა ჰესი. ზოგი მეტს, გზების რეაბილიტაცია, ხიდების, სტადიონი, ბაღი, სკოლა და ა.შ), წარმოიდგინე ათასობით სამუშაო ადგილი (დასავლეთში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, თურქული სიტყვების მარაგს იგროვებს, რომ გაუმარტივდეს სარფის იქით სამსახურის შოვნა. მე ვიცნობ პირადად ამ ხალხს თურქული ენის გაკვეთილებზე რომ დადიან, კარგი მშრომელი ხალხია სხვათა შორის). წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები ქალაქებში კი არ გარბიან სატაქსაოდ, არამედ – თავის მიწა წყალზე აქვთ დარჩენისა და განვითარების პერსპექტივა… წარმოიდგინეთ, ამ პროექტების (ყველა თითოეული მცირე ჰესის), ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში შედის… ახლა, საინტერესოა, როგორ დავუჯეროთ ზოგიერთ ეკოლოგს, რომ ის მართლა წუხს გარემოზე მაშინ, როდესაც მცირე და საშუალო ჰესებსაც ებრძვიან იგივე შემართებით. მოკლედ, პრობლემები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი. თუ არ გამოვფხიზლდებით, ყველანი განწირულები ვართ“, – აღნიშნავს გიორგი მარგებაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...