გიორგი ლომია: თუ გავრილოვს აქვს სურვილი შეგვხდეს, ჩვენ არავის ვემალებით

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის გიორგი ლომიას განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა ისე გართულდა, რომ „სამი წლის განმავლობაში გაკეთებული საქმე ნულოვან წერტილში დაბრუნდა“.

გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ ურთიერთობის დალაგებისთვის საჭიროა დიალოგი.

„დღევანდელ მოცემულობაში დიალოგის გარეშე არაფერი კეთდება. კონფლიქტი ან ომით უნდა მოგვარდეს, ან დიალოგით, სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ომით ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ. დიალოგის შემთხვევაში პოზიტივი თუ 100% არ იქნება, რაღაც პოზიტივს მაინც მოიტანს“, – გიორგი ლომიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ მცდელობა არ ყოფილა, რომ სერგეი გავრილოვს შეხვდნენ მოსკოვში ვიზიტის დროს. თუმცა, თუ გავრილოვს მათთან შეხვედრის სურვილი ექნება, დამალვას არ აპირებენ.

„ჩემთვის გავრილოვის შესახებ არაფერია ცნობილი, ინტერნეტიდან მივიღე ინფორმაცია, თავად გავრილოვი წერს, რომ სურდა ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ ეს არაოფიცილურ დონეზე. ჩვენი მხრიდან არანაირი მცდელობა არ ყოფილა, თუ მას სურვილი ექნება, რომ შეგვხვდეს, არავის ვემალებით, ნებისმიერ დეპუტატს შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

ცნობისათვის: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში შეხვედრებს 15 ივლისიდან დაიწყებენ.

გიორგი ლომიას ინფორმაციით, მოსკოვში მივლინებით პარლამენტიდან არ მიდიან, შესაბამისად, სამივლინებო ხარჯებისთვის არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწერია ხელი.

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტია უშვებს თავის დეპუტატებს მოსკოვში მივლინებით. ჩვენ ჩვენი ხარჯებით მივდივართ“, – აცხადებს გიორგი ლომია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...