გიორგი ლომია: ჩვენმა შვილებმა ქუჩაში რატომ უნდა იხილონ ტანგა ტრუსიკით შიშველი მამაკაცი?!

„მე ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ითხოვს ლგბტ საზოგადოება აღლუმის ჩატარებას, რა იდეაა ჩადებული ამ აღლუმში?!“, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული კანონიდან უნდა მოხდეს ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება.

„მე დარწმუნებული ვარ, ბევრი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი არსებობს, რომლისთვისაც მიუღებელია ტანგა ტრუსიკით შუა ქუჩაში გამოვიდეს და ყველას აჩვენოს , რომ ის არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის.
დარმწუნებული ვარ, უამრავი ადამიანი იტყვის, რომ რა თქმა უნდა ეს არის ცოტა გაუკუღმართებული ფსიქიკის ადამიანების მოფიქრებული. ამიტომ, რა საჭიროა რომ ეს აღლუმი ჩატარდეს?“, – აღნიშნა გიორგი ლომიამ.

ემზარ კვიციანის რეპლიკა: ჩაცმულებს არ უჯერებენ ეტყობა.

აქვე, გიორგი ლომია ირწმუნება, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობის ადამიანებს არასოდეს დევნიდნენ.

„ჩვენ თუ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ამაში ხომ თავისუფლება არ გამოიხატება, ეს ყველაფერი არის გაუკუღმართებული ფსიქკის ადამიანების მოფიქრებული. რატომ უნდა შევუწყოთ ხელი ამაში?

ჩვენმა შვილებმა ქუჩაში რატომ უნდა იხილონ ტანგა ტრუსიკით შიშველი მამაკაცი, რომელიც გამოდის და რას აღნიშნავს, ან რას აპროტესტებს, ყველასთვის გაუგებარია. როცა ჰომოსექსუალი, სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანი , ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი სახლში ზის, მუშაობს, კლერკია, და ჩვენ ვეუბნებით თქვენ არ უნდა განსხვავდებოდეთ ჩვენგან. ჰეტეროსექსუალების მოთხოვნა ზუსტად ეს არის – ნუ ცდილობ დამანახო, რომ ჩემგან განსხვავებული ხარ, მე შენ გეუბნები, რომ არ ხარ განსხვავებული, იცხოვრე ამ საზოგადოებაში ჩვეულებრივ. ნუ ცდილობ ეს გასნხვავება დაანახო ყველას, იცხოვრე ჩვენთან ერთად, არავინ ხელს არ გიშლის.

საქართველოში არასოდეს ყოფილა სექსუალური უმცირესობების დევნა. იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაცას არ მოსწონდა და სცემეს, მაგრამ დევნა – მსგავსი რამ არ ყოფილა.

ზოგადად ვიღაცის ცემა ყოველთვის ხდებოდა, ვიღაც ვიოლინოზე უკრავდა და ის ცემეს, იმიტომ, რომ ვიოლინოზე დადიოდა. მაშინ მოდი ისიც შევიტანოთ ამ ნუსხაში.

ადამიანების აზროვნების ძალით გარდატეხა ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდებოდა, პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, თუ არ არის საზოგაოდება დღეს ამისთვის მზად, ძალით ტვინის გარდატეხა არ უნდა ხდებოდეს.

თუ ოდესმე მომზადდება ჩვენი საზოგაოდება, ის ისედაც მიიღებს ამას, მაგრამ აღლუმის ჩატარება, ამხელა თანხების გამოყოფა… ჯობია თანხები გამოყონ და მშიერი ხალხი დააპურონ, და არა ის, რომ შიშველებმა გაიარონ რუსთაველის გამზირზე, სადაც ჩვენ 9 აპრილს მშვიდობისთვის ვიბრძოდით და სადაც სისხლი დაიღვარა ჩვენი თავისუფლებისთვის.
ქუჩაში შიშვლად სიარული თავისუფლება ნამდვილად არ არის“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

სოფო კილაძე: ვინ ითხოვს შიშვლად სიარულს?

გიორგი ლომია: აღლუმის ჩატარებას რომ ითხოვენ, შიშვლები დადიან.

წარმოდგენილი კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ემზარ კვიციანია, ავტორი, ზვიად ტომარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...