გიორგი ლაკირბაია: შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას

შუახევი ჰესი ოპერირებაში 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 8% გაზარდა სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

„თითქმის უკვე ერთი წელია, რაც შუახევი ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევების გარეშე. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პროცესში“,  – განაცხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას’’ ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკირბაიამ.

შუახევი ჰესის ინვესტორები პროექტის დაწყების პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ ჰესის მართვას ოპერირების ეტაპზე, ეტაპობრივად გადაიბარებდნენ ქართველი ინჟინრები. კომპანიის განცხადებით მათი გუნდის 95% დღეს ქართველი ინჟინრები შეადგენენ.

„შუახევი ჰესს, როგორც დაგეგმილი იყო, ოპერირების ეტაპიდან მართავენ ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები. გარდა იმისა, რომ შუახევი ჰესი, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ამავდროულად ამ პროექტმა საშუალება მისცა არაერთ ახალგაზრდა ქართველ ინჟინერს, რომ შეეძინას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.  დღეს ისინი ყოველდღიურად, მაღალი კვალიფიკაციით და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფენ შუახევი ჰესის წარმატებულ ოპერირებას“, – განაცხადა გიორგი ლაკირბაიამ.

შუახევი ჰესი წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებულ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგო პროექტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...