გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდა, შესაძლოა, 3.4%-ზე მეტიც იყოს

“მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ვფიქრობთ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას.

პრემიერის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 3%-მდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადააფასა და 3,4%-მდე აწია.

“მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ზრდა წლის ბოლომდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორცილებთ, როგორც ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, ასევე მთლიანად ვცვლით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების და სხვა პროექტების მენეჯმენტის სტრატეგიას.

ვფიქრობთ, როგორც აღსრულების მექანიზმების დახვეწის კუთხით, ისე საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს იმიჯის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად და იმ სტაბილურობით, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, შევძლებთ, კიდევ უფრო ავწიოთ ზრდის მაჩვენებელი”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად