გიორგი კვირიკაშილი: ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტი იქნება

ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში, რომელთანაც უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის საერთო ღირებულებები გვაკავშირებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, როდესაც ნატო-ს კვირეული 2015 გაიხსნა.

"66 წლიანი არსებობის მანძილზე ნატო–მ დაადასტურა, რომ უახლეს ისტორიაში ყველაზე უფრო მტკიცე და წარმატებული ალიანსია, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და წარმოადგენს მისი წევრების უსაფრთხოების გარანტიას. ალიანსის წევრობა იქნება საქართველოს უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტიაც."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ხელსუფლების ძალისხმევაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიოს ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ, კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ უკვე გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და მიაღწია ხელშესახებ შედეგს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ნატო-ს კვირეულისა და ზოგადად ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.

ნატო-ს კვირეულის გახსნას მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

ნატო-ს კვირეული საქართველოში მერვედ ტარდება. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად