გიორგი ხელაშვილი: ნიკა მელიას პაიკივით შეწირვა თამაში, იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ინსპირირებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული.

“პასუხისმგებლობას ინაწილებს მთლიანად როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, ვინაიდან ჩვენ ერთად უნდა მოგვეძებნა გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, რომ მაქსიმალურად მოეხდინა, ფაქტობრივად, პაიკივით მელიას შეწირვა მსხვერპლად ამ თამაშში იმისთვის, რომ ხელისუფლების და ქვეყნის იმიჯი გაუარესებულიყო.

“ოცნების” მთავარი გუნდი და “ოცნება,” როგორც პოლიტიკური ძალა, ამ თამაშში არ გაჰყოლია არავის, ვინაიდან, ჩვენ გვავიწყდება, რომ აქ არის სრულიად სხვა ერთეული, რომელზეც არის საუბარი – ეს არის სახელმწიფო, რომელიც თავისი ლოგიკით მუშაობს მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მის სათავეში.

პროკურატურა უბრალოდ, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ მოვიწონო მისი საქციელი, რომ თვეების განმავლობაში ცდილობდა, რაც შეიძლება რბილად მოპყრობოდა მელიას, მაგრამ ამაში, პოლიტიკური ძალა, არც თეორიაში და არც პრაქტიკაში, არ და ვერ ჩაერეოდა.

შესაბამისად, ახლა თქვენ თუ იქითკენ მიგყავთ საუბარი, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მელიას დაპატიმრება და ამიტომ, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, ეს უბრალოდ არასწორია.

ეს იყო პაიკივით მელიას შეწირვა იმისთვის, რომ რაღაცა მომგებიანი სვლა განეხორციელებინა”, – განაცხადა “ღამის კურიერის” ეთერში გიორგი ხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...