გიორგი კეპულაძე: ლარის კურსის გამყარება შესაძლოა, ტურისტების ნაკადის ზრდას უკავშირდებოდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ შესაძლოა ეროვნული კურსის გამყარება ტურისთა ნაკადის ზრდასაც უკავშირდებოდეს.

როგორც კეპულაძემ „აიპრესს“ განუცხადა, რთულია პასუხი იმაზე შენარჩუნდება თუ არა ლარის კურსის გამყარების ტენდენცია. მისი თქმით, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის ეს უკავშირდება ტურიზმს, ფულად შემოდინებებს და სხვა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებაა.

„იანვარი არ არის აქტიური თვე და როგორც წესი იანვარში ლარის კურსის კრიტიკული მაჩვენებლები ფიქსირდება ხოლმე. თებერვალში ცოტათი გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, კარგი სეზონია და შესაძლოა ამასაც უკავშირდებოდეს ლარის კურსის გამყარება. ზოგადად მცურავი გაცვლითი კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე დღიანი ტენდენციით, მსჯელობა იმაზე, გაგრძელდება თუ არა ლარის მამყარების ტენდენცია ძალიან რთული სათქმელია. ვიყოთ ოპტიმისტები და ვისურვოთ, რომ ეს ასეც იყოს. მაგრამ, მე მაინც სეზონურ ფაქტორს დავაბრალებდი. ტურისტების რაოდენობა იანვრის მეორე ნახევრიდან გაიზარდა და ამან გამოიწვია ლარის გამყარება. სტატისტიკური მონაცემები ოდნავ მოგვიანებით გვეცოდინება და შემდეგ უფრო იქნება შესაძლებელი გაანალიზება იმის რა ხდებოდა ამ პერიოდში.

რადგან თქვენ სვამთ ამ კითხვას, რომ ხომ არ არის მოსალოდნელი გასული წლის მსგავსად გაგრძელდეს ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად გამყარება, ეს ნიშნავს რომ ამის მოლოდნი გაქვთ. შესაძლოა ეს მოლოდინი მოსახლეობაშიც იყოს, შესაბამისად ამ მოლოდინმა გამყარების კუთხით გარკვეული კორექტირება მოახდინოს. მაგრამ, მხოლოდ მოლოდინები არ მუშაობს და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა ტურიზმს მზარდი ტენდენცია აქვს, მაგრამ არც მთავრობა და არც არავინ მხოლოდ ტურიზმის იმედად არ უნდა იყოს. სხვა მიმართულებითაც ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. იგივე ექსპორტის ზრდა, ეკონომიკის ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მისივე თქმით, თუ ლარის კურსი გასული წლის მსგავსად გამყარდება, მაშინ საჭირო იქნება მისი შენარჩუნება. კეპულაძის შეფასებით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებაა და მთავრობა სეზონებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური. ლარის გამყარება, შემდეგ კი ისევ გაუფასურება ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს. პროგნოზირება რთულია და სტაბილურობის განცდა არ არსებობს. თუ იქნება გამყარების ტენდენცია ეროვნული ბანკი შეავსებს რეზერვებს და ამას დახარჯავს, მაშინ როდესაც იქნება უცხოური ვალუტის ნაკლები შემოდინება. სებ-ი ალბათ ასე მოიქცევა.

რაც შეეხება მთავრობას, მან არ უნდა უყუროს სეზონს. მთელი წელი, 24 საათი უნდა მუშაობდეს ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის წინსვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი ეკონომიკა დიდად არის დაკავშირებული საგარეო ფაქტორებზე, მაგრამ მთავრობა იმიტომ გვყავს, რომ ამ საგარეო შოკებს გაუმკლავდეს“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ „აიპრესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეინიშნება. ხვალ 1 დოლრი 2.5837 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევროს შეძენა 2.7351 ლარად იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...