გიორგი კეკელიძე: გავცემთ ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას 1 გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს

ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„რა საზარელი დღეა, სრულიად საზარელი. ლაგოდეხის ტრაგედიის მერე, მეორე საშინელი ამბავი შევიტყვე – ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა – სულ ხუთი დღის წინ გააჩინა პირველი შვილი და აი, ასე – გულის უკმარისობით გარდაიცვალა. როცა აქცია – ,,აჩუქე წიგნი” დავიწყეთ, ნინი „ბიბლუსს“ წარმოადგენდა და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ძალიან ელოდა პატარას, მომავალ 23 აპრილს ერთად ჩავატარებთო, ხუმრობდა.

არ ვიცი, მართლა ვეღარ ვხვდები, რა დავწერო, ვერც სიტყვის გამხატვრულების აზრს ვხედავ და ვერც ბევრი წერის. ეს ჩვენი ფოტოა იმ დიდი და მნიშვნელოვანი დღიდან, სააგენტოებს უდევთ, წავაწყდი და გადმოვიტანე. ერთი, რაც ვიცი, მომავალ 23 აპრილს აუცილებლად გავცემთ ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას ერთ გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს, რომ მისი სახელი მაინც შემორჩეს და მისმა შვილმა, დედის გაცნობა რომ ვერ მოასწრო, ასე მაინც იამაყოს“… – წერს გიორგი კეკელიძე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 მაისს, ნინი ჯაფარიძემ „იმედის კლინიკაში“ იმშობიარა. მშობიარობის შემდგომი გართულებებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, შედეგ კი -„ჯო ენის ცენტრში“ და გული მშობიარობიდან მეექვსე დღეს გაუჩერდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...