გიორგი კეკელიძე: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი საქმე ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს. კეკელიძის განმარტებით, დღეს, აუცილებელია ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ კი საკუთარი თავი.

“ექიმი გაფრინდაშვილის საქმე უნდა იქცეს მაგალითად ყველასთვის, ვისაც საზღვარი, პირველ რიგში საკუთარ თავში აქვს გავლებული და თვითონ აქეთ დგას და თავისუფლება – იქით. თვითონ, აქეთ, დგას ანდაზებით და ფრთიანი ფრაზებით – ,,დათვი, რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო” ,,რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ”..

იქით, თავისუფლებასთან, დგას პატიმარი ვაჟა გაფრინდაშვილი, ვიღაცის აზრით ,,არარაციონალური” (,,აბა, დათვის გაღიზიანება ხომ არ შეიძლება?”) პასუხებით მტრისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ზუსტი და სამუდამო სიტყვებით. სიტყვებით, რომელიც მონობაში ყოფნას არ ცნობს, სიტყვებით, რომელიც ძნელი სათქმელია და მანამდე ფიქრში ვარჯიში ჭირდება.
ხოლო მტერი სულ გაღიზიანებულია. ამიტომაც არის მტერი. თორემ ფეხი რომ დაადგა, შეიძლება საკუთარმა ძაღლმაც გიკბინოს. მტერს ფეხის დადგმა არ ჭირდება, თვითონაც იოლად გვადგამს ,,ბაბაიას” მოყვირლებს.

დღეს, აუცილებელია ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ – საკუთარი თავი. თუ რამე შემიძლია, მზად ვარ და ვიქნები – მიმსახურეთ”,-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში. 

15 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. “აიპრესთან” ფაქტი სუს-მა დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, “აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”.

ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად