გიორგი კეკელიძე: ჩემთვის, ყველაზე დასაფასებელი თვისება ქალში, საკუთარი თავის ფასის ცოდნაა

"ის პრობლემები, რაც ჩვენ გენდერული ბალანსის კუთხით გვაქვს, არის სწორედ აი ამ ორასწლიანი და უფრო მეტხნიანი რუსული მმართველობის და, განსაკუთრებით, საბჭოთა პერიოდის პრობლემები, რომელმაც ბრუტალურად და გაუგებრად აღიქვა ყველაფერი, რასაც ერქვა თანასწორობა და პირიქით, უთანასწორობად აქცია", – აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

– შენ და ქალი. შენი დამოკიდებულება ქალისადმი. ძალიან ბევრს საუბრობენ დღეს ოჯახურ ძალადობაზე, გენდერულ ბალანსზე. როგორ უყურებ ამ საკითხს?

აქაც ჩემი ოჯახიდან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო. ბებიაჩემი იყო, ალბათ, ქალთა უფლებების გაუცნობიერებელი დამცველი იმ თვალსაზრისით, რომ ის ინსტიტუციურად არ მიეკუთვნებოდა ამ ორგანიზაციებს, მაგრამ მთელი ბავშვობა მახსოვს, როგორ ფუნდამენტურად იცავდა ამ უფლებებს, როგორ ეწინააღმდეგებოდა ქალთა მიმართ ძალადობას, როგორ ცდილობდა, რომ ყოველთვის დაეწინაურებინა ქალები, სკოლის დირექტორი იყო და ამ ადგილისთვისაც ბევრს იბრძოდა სხვათაშორის სწორედ იმ მოტივით, რომ ქალიც იმსახურებდა სკოლის დირექტორობას და სწორედ აი ამ მაგალითებს ვეფუძნები. მე არ მჭირდება გახედვა მარცხნივ და მარჯვნივ. თუ ეს საჭიროა, გავიხედები კიდეც, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემი წინაპრები ასე ფიქრობდნენ.

მე მაგალითად შევხვედრილვარ ოჯახებს, მაგალითად სვანეთში, სადაც ფანტასტიკურად არის დაცული ბალანსი და არავითარი კითხვის ნიშნები იქ არ არსებობს. ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ აი ამ ორასწლიანი და უფრო მეტხნიანი რუსული მმართველობის და, განსაკუთრებით, საბჭოთა პერიოდის პრობლემები, რომელმაც ბრუტალურად და გაუგებრად აღიქვა ეს ყველაფერი, რასაც ერქვა თანასწორობა და პირიქით, უთანასწორობად აქცია.

– გენდერს რომ თავი დავანებოთ, შენთვის ყველაზე დასაფასებელი თვისება რა არის ქალში?

საკუთარი თავის ფასის ცოდნა არის განმსაზღვრელი. თუკი მან იცის ზუსტად, რას წარმოადგენს და როგორ, აქ პრობლემები ჩვენ აღარ გვაქვს. მე პირიქით ვხედავ ხოლმე პრობლემებს ქართველ ქალებში ხანდახან და ამაზე მწყდება გული, თვითდისკრიმინაციის გამოვლენას, რაც უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია, ვიდრე პირიქით.

 ინტერვიუს სრულ ვერსიას გიორგი კეკელიძესთან "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...