გიორგი კეკელიძე: ჩემი ღმერთი იმ ოთახში გავიცანი, სადაც ბებიაჩემი ლოცულობდა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე წერს.

“წუხელ მკითხეს, შენი ღმერთი როგორიაო. რწმენა ხმამაღალი საქმე არ მგონია, ამიტომაც ვლაპარაკობ ცოტას ანაც საერთოდაც არ ვლაპარაკობ. მაგრამ კითხვა ისეთი გამოდგა ან ღამე გამოდგა ისეთი, მაინც გადამძალა ფიქრმა და საბოლოოდ ასე ვიფიქრე, რომ მე ჩემი ღმერთი იმ ოთახში გავიცანი, სადაც ბებიაჩემი ლოცულობდა. ხოლო ბებიაჩემი ლოცულობდა ღამით, ოდნავ ჩაწეულ ლამფასთან ახლოს მიტანილი, შუქისკენ გადახრილი ლოცვანით. იმ ოთახში მე და მას გვეძინა. და ლამფიდან წამოცდენილ ნავთის სუნში, სიტყვებში, ხან რომ სულაც ჩურჩულად იქცეოდა და ნაწყვეტებად ვიჭერდი – „ზესთა”,  „დიდითა წყალობითა შენითა”,  „ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი” – ვიჭერდი და მაზეპირდებოდა, მოხუცის მოცახცახე ჩრდილის ჩრდილში – დავინახე ჩემი ღმერთი. როგორია? რომც გითხრათ, ვერ გაიგებთ. ისევე, როგორც მე თქვენსას. ის შეიძლება ერთია, მაგრამ ყველასთვის სხვანაირი. როცა ბებია იძინებდა, სახეზე ოდნავ, სულ ოდნავ ღიმილს ვატყობდი. ბებია დღისით ვერასდროს იცინოდა. და ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, ხის დაღლილ სკამზე იჯდა, სადაც მისი თავშალი, ჭიქა, ჭიქის გვერდით გაწურული ლიმონი, სათვალე, სამი ძველი წიგნი იდო და ყველაფერი ეტეოდა. იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა. ბებია იღიმოდა. მე ღმერთს ვხედავდი. მას მერე დამეკარგა. ან მე დავეკარგე. არ ვიცი. მაგრამ თუ შემხვდება, აუცილებლად ვიცნობ. ვიცნობ, რადგან როცა თვალს დავხუჭავ, სულ იმ ოთახში, ლამფის სუნით გაგუდულ ოთახში და ბებიაჩემის ბუტბუტი მესმის”, – წერს კეკელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...