გიორგი კანდელაკი: ელისაშვილი “ოცნებას” შეერწყა და მოლაპარაკებებში მის მხარეს წარმოადგენს, ის და ინჯია ერთ გუნდში აღმოჩნდნენ

ელისაშვილი “ოცნებას” შეერწყა და მოლაპარაკებებში მის მხარეს წარმოადგენს, ის და ინჯია ერთ გუნდში აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ალეკო ელისაშვილი ჩაბმულია მოლაპარაკებებში, ოღონდ “ქართული ოცნების” მხარეს. მან გააკეთა ასეთი არჩევანი დიდი ხნის წინ და შეერწყა “ოცნებას”. ერთადერთი ფორმატი, სადაც მონაწილეობს ოპოზიცია, ეს არის ფორმატი, სადაც მაგიდის გარშემო სხედან ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მეორე ფორმატი, რომელშიც შუამავლები არიან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები.

იქ რაღაც შეხვედრას მართავენ ბატონი ელისაშვილი და ბატონი ხვიჩია, ოღონდ მე ვიცი, რომ “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძეა, მე ვეღარ გავიგე. ეს არ ცვლის იმ დიდ სურათს, რომელიც ძალიან მარტივია. პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმიცემა შემდგარი ფაქტი და ბეჭედასმული ფაქტია. აქედან გამომდინარე წარიმართება მომავალში პროცესი, რანაირი იმიტაციაც არ უნდა მოახდინონ რაღაც შეხვედრების და ერთმანეთთან ხელის ჩამორთმევით “ოცნებასთან” შერწყმულმა ისეთმა ფიგურებმა, როგორიც არის ბატონი ელისაშვილი და ბატონი ინჯია. საგულისხმოა, რომ ისინი ერთ გუნდში აღმოჩნდნენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, “გირჩის” და “მოქალაქეების” ინიციატივის თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს და ადგილობრივი არჩევნები ერთგვარი პლებისციტი უნდა იყოს.

ამასთან ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზადაა ყველა პარტიას ელაპარაკოს, “ევროპული საქართველოს” გარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად