გიორგი კამკამიძე: კომენდანტმა უნდა გადაიწიოს და პიკი საათებში მაღალი კონცენტრაცია განიტვირთოს

კომენდანტის საათმა უნდა გადაიწიოს და პიკი საათებში მაღალი კონცენტრაცია განიტვირთოს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა გიორგი კამკამიძემ.

მისი თქმით, მათ კლინიკაში ბოლო დღეებში იმატა მიმართვიანობამ.

“შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პირველი ტალღა არც გვქონია, ჩვენ გვქონდა ერთი დიდი ტალღა, ახლა მოლოდინია მეორე ტალღაზე, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ისეთი სიძლიერის არ იქნება, როგორც წინა. ვაქცინაციას ენიჭება დიდი მნიშვნელობა და თუ ვეცდებით, რომ მოვიცვათ პირველ რიგში მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც არის მაღალი ასაკის პოპულაცია, ამ შემთხვევაში მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი არ გვექნება. მნიშვნელობა მარტო გავრცელების შემცირებას არ ენიჭება, არამედ გავრცელებას მაღალი რისკის ჯგუფებში. იმ ქვეყნებში, სადაც პანდემიის დაწყების პერიოდში მაღალი სიკვდილობის რიცხვი დაფიქსირდა, ეს ძირითადად იყო მაღალი ასაკის და ქრონიკული დაავადადებების მქონე პირები.

მეორე, დღეს მთავარ აკრძალვად აღიარებულია კომენდანტის საათი, რომელიც არ თამაშობს როლს ამ პროცესში. შეიძლება ალტერნატიული მიდგომებიც იყოს გამოყენებული. იმიტომ, რომ მაღალი კონცენტრაციაა პიკი საათებში და ეს უნდა განიტვირთოს. ჩემი აზრით, უნდა გადაიწიოს დრომ და შემდეგ შეიძლება მოიხსნას. იმიტომ, რომ  მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ადამიანების თავმოყრა, რასაც პირიქით ხელს უწყობს კომენდანტის საათი,” – განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...