გიორგი კახიანი:თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა

“ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესში. საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და კონსენსუსზე, რომელიც, თუ უახლოესი  ათწლეულების საპარლამენტო ცხოვრებას გადავხედავთ, ჯერ  არ ყოფილა. პირველად არის  ასეთი კონსენსუსი მიღწეული. უბრალოდ, ამას სჭირდება რეალიზება“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გიორგი კახიანმა.

.”საყოველთაო-სახალხო განხილვისას კიდევ მოვისმენთ, თუ იქნება რაიმე საინტერესო შენიშვნა და საჭიროების შემთხვევაში, გავითვალისწინებთ კიდეც“,-აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

რაც შეეხება მხარდაჭერის საკითხს,  მისი ინფორმაციით,  ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“, ასევე,  ფრაქცია „დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები“ ღიად აცხადებენ, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

“იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი კიდეც რომ არ დაუჭიროს, ეს ინიციატივა მაინც განხორციელდება იმიტომ, რომ  უმრავლესობა არის  ერთგული იმ შეთანხმების, რომელიც ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გავაფორმეთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. მისი თქმით, თუ ამ ორი ოპოზიციური ჯგუფის დეპუტატები ცვლილებებს მხარს არ დაუჭრენ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევიან, მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ.

„მგონია, რომ   საბოლოოდ ისინი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ და თუ ეს ასე არ მოხდება, ეს იქნება ისევ მათი დამაზიანებელი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც“, -აღნიშნა გიორგი კახიანმა.  იგი  „ნაციონალური მოძრაობის“  და „ევროპული საქართველოს“ არათანმიმდევრულობის ასახელებს იმას, რომ ისინი საკუთარ შანსს არჩევნებში ვერ ხედავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა  ამ პროცესიდან გამიჯნულ პოლიტიკურ ძალას მომავალში დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, ვიცე-სპიკერმა უპასუხა, რომ ოპოზიცია ვერ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს,  მით უმეტეს მაშინ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესში  მისი წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ და დარჩებიან იმ პოზიციაზე, რასაც დღეს აცხადებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება ექნება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით  არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად