გიორგი კახიანი: არ ვიცით არის ეს პიროვნება იდენტიფიცირებული თუ არა, სამართალდამცველებმა იციან

“სამწუხაროა, რომ ამ თემითაც ხდება სპეკულაცია პოლიტიკური ჯგუფების მიერ და ხშირად ფაქტებს დამახინჯებულად წარმოაჩენენ საუბრობენ”.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ზუგდიდის მოვლენის შეფასებისას.

მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფები საუბრობენ, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

„ოპერაცია დასრულებული არ არის, ახლაც გრძელდება და იგი აუცილებლად დასრულდება დამნაშავის დაკავებით. წარმატებული ოპერაცია იყო იმ ნაწილში რაც მძევლების განთავისუფლებას ეხებოდა და ყველამ ვნახეთ, რომ ორმოცზე მეტი ადამიანი მძევლად იყო აყვანილი და მათი სიცოცხლე საშიშროების წინაშე იდგა. ეს საშიშროება იყო რეალური და პოლიციამ პირიქით, მე ვიტყოდი, რომ გმირულადაც იმოქმედა, მაგალითად სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის ქმედებას აღვნიშნავ, როდესაც იგი ჩაენაცვლა მძევალს თავისი სიცოცხლის რისკის ფასად. საბედნიეროდ პირველი ნაწილი ამ ოპერაციის ძალიან წარმატებულად დასრულდა და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც ასევე წარმატებული იქნება“ -განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რატომ არ არის ეს ოპერაცია დღეს დასრულებული, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ უნდა დაველოდოთ სამართალდამცველების მოქმედებას.

„სამართალდამცავი ორგანოები, ბუნებრივია, სხვადასხვა ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე შეუძლებებლია ყველასთვის იყოს ცნობილი. ამბობთ, რომ მძარცველი დღემდე არ არის იდენტიფიცირებული, ჩვენ ხომ არ ვიცით არის ეს პიროვნება იდენტიფიცირებული თუ არა, ეს სამართალდამცველებმა იციან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ძალიან ეფექტიან საქმიანობას ზოგადად კრიმინალის წინააღმდეგ და ეს შემთხვევაც დასრულდება დამნაშავის დაკავებით“, – განაცხადა ვიცესპიკერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად