გიორგი გრიგოლია: ჯანდაცვის მინისტრი დაეთანხმა არგუმენტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთესია გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ კლინიკაში

ამის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შეძლო მგონი არგუმენტები მოეყვანა იმისთვის და დაერწმუნებინა, ჩემი აზრი ყოველ შემთხვევაში ასეთია, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა.

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ კლინიკაში.

მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რაც იყო იქ ნათქვამი. აქედან რამდენიმე ექსპერტი წავა გლდანის ციხეში.

100%-ით ყველა ექიმის ჩათვლით, მინისტრის და მინისტრის მოადგილის აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერც ექიმები წყვეტენ და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის სულ სხვა უწყება, ის უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მერე პრემიერ-მინისტრმა და მერე შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური წარმომაგდგენლები“,- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

კომენტარები
იტვირთება...